Ryanair გაუქმებულ ფრენებზე თანხის ანაზღაურების განახლებული სერვისი აქვს. კომპანია პირობას დებს, რომ ახალი სერვისით მომხმარებლებს თანხას ხუთი დღის განმავლობაში აუნაზღაურებს.
Reuters-ის ცნობით, ევროპაში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დღეიდან თანხის ანაზღაურებას ახალი ონლაინ საფულის ფუნქციით დაამუშავებს, რაც ფრენის გაუქმებიდან 24 საათის განმავლობაში მოხდება. 24-საათიანი ონლაინ საფულის აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ახალი რეისი დაუყოვნებლივ დაჯავშნოს ან თანხის დაბრუნების ფუნქცია აირჩიოს, რაც ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში აუნაზღაურდება.
Ryanair იმ ავიაკომპანიებიდან ერთ-ერთი იყო, რომლებიც პანდემიის დროს იმის გამო გააკრიტიკეს, რომ COVID-19-ის შეზღუდვების შედეგად გაუქმებულ ფრენებზე მგზავრებს თანხის დაბრუნებას უგვიანებდნენ. ივნისში ბრიტანეთის კონკურენციის ორგანომ Ryanair-ის წინააღმდეგ სასამართლო მოქმედებაც წამოიწყო, რადგან კომპანიამ თანხის დაბრუნების ნაცვლად, მგზავრებს ხელახალი დაჯავშნები შესთავაზა. თუმცა მარეგულირებელმა სამსახურმა სარჩელი მიმდინარე თვის დასაწყისში უკან გაიწვია. მაშინ Ryanair აცხადებდა, რომ მგზავრებს თანხას ყოველი შემთხვევის დეტალური შესწავლის შემდეგ უბრუნებდა.
ამასთან, სექტემბერში Ryanair ევროპული ავიაკომპანიების ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც პანდემიის დროს რეისგაუქმებული მგზავრებისთვის თანხის დაბრუნებაზე შეთანხმდნენ და აიღეს ვალდებულება, მომავალში მგზავრებს თავიანთ უფლებებზე ინფორმაცია უკეთსად მიაწოდონ.
Ryanair მომხმარებელთა მომსახურების ახალი სერვისთ 2014 წლის კამპანიას - „ყოველთვის უკეთესობისკენ“ ეყრდნობა. აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ო’ლირი პირობას დებს, რომ კომპანია შეწყვეტს ისეთ ქმედებებს, რაც „ხალხს ზედმეტად აბრაზებს.“
Ryanair-ის აპლიკაციის ახალი ფუნქცია ოპერაციული ცენტრიდან push-შეტყობინებებსა და ვიდეოებს რეალურ დროში განათავსებს, რათა მომხმარებელს ფრენის სტატუსისა და ნებისმიერი შეფერხების შესახებ დროულად აცნობოს. მომხმარებლები აპლიკაციის საშუალებით, როგორც ფრენებში, ისე მგზავრების სახელებში ცვლილებების შეტანას შეძლებენ და კლიენტების მომსახურების აგენტთან დარეკვა აღარ დასჭირდებათ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ