ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ანგარიშის თანახმად, 2025 წლისთვის მოცვის გლობალური ექსპორტი, ფულადი გამოსახულებაში, 3 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.
მოცვის 7 უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა - პერუ, ჩილე, მექსიკა, აშშ, სამხრეთ აფრიკა, პოლონეთი და კანადა არიან, რომლებმაც გლობალურ ბაზარს 2019 წელს 2.1 მლრდ დოლარის მოცვი მიაწოდეს. 2016 წლიდან ამ 7 ქვეყნიდან კენკრის მთლიანი ექსპორტი წელიწადში, საშუალოდ, 18%-ით იზრდება.
„თუკი ამ ქვეყნების გარე მიწოდება მომდევნო 5 წლის განმავლობაში წელიწადში, საშუალოდ, 5%-ით გაიზრდება, 2025 წლისთვის მოცვის გლობალური ექსპორტი, დაახლოებით, 3 მლრდ დოლარს მიაღწევს,“ - ნათქვამია USDA-ს ანგარიშში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაცემებით, მოცვის გლობალური ექსპორტი 2010-2019 წლების პერიოდში არ შემცირებულა, ხოლო 2015-დან 2019 წლამდე მიწოდების წლიურმა ზრდამ, საშუალოდ, 46 ათასი ტონა შეადგინა.
თუმცა აშშ-დან მოცვის მიწოდების ზრდა ნაკლებად შეიმჩნეოდა. 2010-და 2019 წლამდე ამერიკული მოცვის მთლიანი ექსპორტი, ფულადი გაანგარიშებით, 30%-ით გაიზარდა. ამასთან, ზედიზედ 4 წლის განმავლობაში, 2014-დან 2017 წლამდე, ქვეყანაში კენკრის ამ ჯიშის წარმოების შემცირების გამო, მიწოდების მოცულობაც მცირდებოდა. მაგალითად, 2013 წელს აშშ-დან მოცვის ექსპორტის ღირებულებამ 147 მლნ დოლარი შეადგინა. 2017 წლისთვის ის 107 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2020 წლისთვის მხოლოდ 121 მლნ დოლარამდე გაიზარდა. შეერთებულ შტატებს მოცვის გლობალურ ექსპორტში პერუს, ჩილეს და მექსიკის შემდეგ მეოთხე ადგილი უკავია.
FruitNews-ის მონაცემებით, 2010-დან 2019 წლამდე პერიოდში მოცვის მსოფლიო წარმოება 439 ათასი ტონიდან 1 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ამ დროის განმავლობაში მოცვის მწარმოებელი ქვეყნების ჯგუფი 26-დან 30-მდე გაფართოვდა, ხოლო 27 ქვეყანაში მოსავლიანობის მატების ტენდენციაა.
2012 წლიდან სტაბილურად იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებსაც ყოველწლიურად, მინიმუმ, 10 ათასი ტონა მოცვი მოჰყავთ. 2019 წელს ეს ზღვარი, მინიმუმ, 11-მა ქვეყანამ გადალახა. მოსავლის ყველაზე სწრაფი მატება პერუში დაფიქსირდა, სადაც 2019 წელს 125 ათასი ტონა მოცვი დაიკრიფა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ