მიწისქვეშა გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად ტენდერი გამოცხადდა

სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზის მიწისქვეშა საცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატენდერო მასალების გაცნობა შესაძლებელია კორპორაციის ვებგვერდზე: www.gogc.ge. მათივე ცნობით, გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში ქვეყნის გარედან გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებულ სეზონურ დისბალანსს. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გაზსაცავი არ გააჩნია.

ნავთობის და გაზის კოპორაციაში აცხადებენ, რომ ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენეს, რომ სამგორის სამხრეთით საბადოს შუა ეოცენის ჰორიზონტი გაზსაცავის მშენებლობის თვალსაზრისით ყველაზე ოპტიმალური სტრუქტურაა. მათივე ცნობით, გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მასში 230-250 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღესდღეობით მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს. გაზსაცავის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება 2015 წლის ბოლომდე დასრულდება. პარალელურად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მოახდენს პროექტის დაფინანსებისათვის აუცილებელი პირობების შესწავლას. ამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს განხილვები კომერციულ ბანკებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო კომპანიებთან. პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ საშუალებად ასევე განიხილება ევროობლიგაციების განთავსება. ამ მიმართულებით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას უკვე გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება. კერძოდ, ევროპისა და აშშ-ის საფონდო ბაზრებზე კორპორაციის მიერ მოზიდული დაფინანსებით ამჟამად, საპარტნიორო ფონდთან ერთად, გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც წელს შევა ექსპლუატაციაში.

დაგეგმილია, რომ სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.