საფრანგეთში მუშახელის დეფიციტს ყველაზე მწვავედ რესტორნებისა და სასტუმროების ბიზნესი განიცდის. The New York Times-ის ცნობით, მონახულების თვალსაზრისით მსოფლიოს ლიდერ ქვეყანაში, ხანგრძლივი ლოკდაუნის გაუქმების შემდეგ, მომსახურების ინდუსტრიაში მუშახელი მასიურად აღარ ბრუნდებოდა.
მომსახურების ინდუსტრიის უმსხვილესი სავაჭრო ჯგუფ UMIH-ის (Union of Hospitality Trades and Industries) მონაცემებით, ხელახლა გახსნილ რესტორნებსა და სასტუმროებს 100 000-მდე ვაკანსია აქვთ, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დამსაქმებლები აცხადებენ, რომ ამ დარგის მომავალს კორონაპანდემია და ვაქცინაციის პროცესი ყველაზე მეტად განსაზღვრავს, ამიტომ მეტად რთულია ადამიანიების მიზიდვა ისეთ სამსახურში, რომლის დახურვა-გახსნაც ინფიცირების მაჩვენებლებზე არის დამოკიდებული. გასული წლის გაზაფხულიდან ამ ბიზნესმა 80%-იანი ვარდნა განიცადა. ქვეყნის ტურისტულმა სექტორმა, შარშანდელი კრიზისიდან დღემდე, 60 მლრდ ევროთი იზარალა.
სტატისტიკისთვის ნიშანდობლივია კალვადოსის რეგიონში რესტორნების ქსელ La Flambée-ის მაგალითი. ქსელი ცდილობს ბატლერის (მმართველის), სამზარეულოს ასისტენტისა და შეფ მზარეულის პოზიციაზე 3000-დან 4000-მდე სრული განაკვეთისა და სეზონური სამუშაოს ვაკანსია შეავსოს.
ფრანგი ოფიციანტების მინიმალური ყოველთვიური ხელფასი, გადასახადის ჩათვლით, 1 539 ევროს შეადგენს. მართალია, სამსახურიდან დროებით გათავისუფლების სამთავრობო პროგრამით მათ ლოკდაუნის დროს ეს ხელფასი შეუნარჩუნდათ, მაგრამ ბევრი მათგანი ხელახალი გახსნის შემდეგ, დარგის არასტაბილურობის გამო, სამსახურში აღარ დაბრუნებულა. ოფიციანტებზე ბევრად მეტ ხელფასს იღებენ მზარეულები და მენეჯერები, თუმცა შინ დარჩენის პროგრამის დროს მათი ხელფასი 15%-ით შემცირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ