სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთის ქალაქ კასერესში მძარცველებმა ელიტური სასტუმრო-რესტორნის კომპლექს Atrio-ს კოლექციიდან 45 ღვინის ბოთლი მოიპარეს, რომელთა შორის 215 წლის მეტად იშვიათი ბოთლი იყო. მოპარული ქონების მთლიანი ღირებულება 350 000 ევროს შეადგენს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
კომპლექსის ერთ-ერთი მფლობელის, ხოსე პოლოს თქმით, ქურდობა ოთხშაბათს დილით მოხდა.
„ისინი პროფესიონალები იყვნენ და ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ,“ - აცხადებს ხოსე პოლო, რომელმაც ძარცვის ფაქტი კლიენტებისა და მეგობრებისადმი მიწერილ წერილში გაასაჯაროვა.
ხოსე პოლოს მონაყოლის მიხედვით, ეჭვმიტანილები მამაკაცი და ქალი არიან, რომლებიც ინგლისურად საუბრობდნენ და დახვეწილი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ისინი სასტუმროში დარეგისტრირდნენ და მის რესტორანში ივახშმეს. შემდეგ სასტუმროს მიმღებს მეტი საკვების მიტანა სთხოვეს და როდესაც ის სამზარეულოში გავიდა, ვიდეოთვალთვალის კამერების მონიტორები უყურადღებოდ დატოვა. მამაკაცი სარდაფში სწრაფად ჩავიდა და ბოთლები მოიპარა. წყვილი ოთხშაბათს დილით ადრე გავიდა, მანამდე კი მათ მომსახურების საფასური საკრედიტო ბარათით გადაიხადეს და სასტუმროს ტერიტორია ბოთლებით სავსე ჩანთებით დატოვეს.
მოპარულ ნივთებს შორის 1806 წლის Château d'Yquem-ის ღვინის ბოთლი და მე-19 საუკუნის კიდევ ექვსი ბოთლი იყო, რომლებიც საფრანგეთში, ბურგუნდიის რეგიონის მეღვინეობა Romanée-Conti-ის მიერ ექსკლუზიურად იყო ჩამოსხმული.
კომპლექსის მეპატრონის თქმით, მას მოპარული ბოთლების ჯამური ღირებულება დათვლილი არ ჰქონია, თუმცა ისინი დაზღვეული იყო. ისტორიული ღვინის ბოთლების სიმბოლური ღირებულება კიდევ უფრო მეტია.
ხოსე პოლოს ეჭვი აქვს, რომ წყვილი ღვინის კერძო კოლექციონერზე მუშაობდა, რადგან მათ წაიღეს ბოთლები, რომლებიც ღია ბაზარზე ვერ გაიყიდება.
„ეს ბოთლები დანომრილია და კონტროლდება. 1806 წლის Château d'Yquem უნიკალურია და ყველამ იცის, რომ მას მხოლოდ ჩვენ ვფლობთ, ამიტომ თუ ბოთლებს გასაყიდად გამოიტანენ, ინდუსტრიის მცოდნეები ამას მაშინვე შეამჩნევენ," - აცხადებს ხოსე პოლო.
Atrio-ს სასტუმრო-რესტორნის კომპლექსს მიშელინის ორი ვარსკვლავი აქვს მინიჭებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ