ახალი ტენდენციები სარეკლამო ბიუჯეტების გადანაწილებაში

”დღეს ინტერნეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ მომხმარებელს საკუთარი პროდუქციის ეფექტური რეკლამა შესთავაზო”

თუკი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიების პროგნოზებს გადავხედავთ, უკლებლივ ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ 2015 წელს მსოფლიოს მთლიანი სარეკლამო ბაზრის ზრდის ძირითადი ”მიზეზი” ისევ ინტერნეტ რეკლამა იქნება. ამერიკელი მარკეტოლოგები კი ირწმუნებიან, რომ ამერიკაში მიმდინარე წელს ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების ზრდა მთლიანი სარეკლამო ბაზრის 50%-ს გადააჭარბებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ დასავლელი და ამერიკელი მარკეტოლოგების პროგნოზები ნამდვილად გამართლდება, რადგან უკვე კარგა ხანია ინტერნეტ რეკლამაზე ბიუჯეტის მიმართვა მცირე და საშუალო ბიზნესის გარდა, მსხვილმა კომპანიებმაც დაიწყეს.

მსოფლიო ტენდენციას ჯერ ვერ ეწევა, მაგრამ თანდათან ფეხს უწყობს საქართველოც, სადაც ბოლო პერიოდში მკვეთრად შეინიშნება ინტერნეტ სარეკლამო ბაზრის აქტივობისა და ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების ზრდა. საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელმაც საკუთარი პროდუქციის რეკლამირების მთავარ საშუალებად ინტერნეტ რეკლამა აირჩია, ”ჯეკ დენიელსი” და ”ფინლანდიაა”. მიმდინარე წელს კომპანიის ქართულმა წარმომადგენლობამ ძირითადი სარეკლამო ბიუჯეტი ინერნეტ რეკლამისკენ მიმართა და უარი თქვა მსხვილ სატელევიზიო რეკლამაზე.

როგორც bpn.ge-სთან საუბარში ”ჯეკ დენიელსისა” და ”ფინლანდიას” ბრენდმენეჯერი დიმიტრი გურიელი აღნიშნავს, დღეს ინტერნეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ მომხმარებელს საკუთარი პროდუქციის ეფექტური რეკლამა შესთავაზო. ”ბრენდების წარმომადგენლობებმა თავად გადაწყვიტეს, რომ წლის განმავლობაში მთავარი აქცენტი ინტერნეტ რეკლამაზე გავაკეთოთ. ნახევარი წელია, რაც ინტერნეტ რეკლამის აქტიური კამპანია დავიწყეთ და უნდა ითქვას, რომ ამ ხნის განმავლობაში გაყიდვების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ, გაიზარდა კლიკების რაოდენობაც”, - აღნიშნავს დიტო გურიელი.

განსხვავებული ეფექტის შექმნის მიზნით კი ”ჯეკ დენიელსისა” და ”ფინლანდიას” წარმომადგენლობამ ერთ-ერთი აქცენტი ინტერნეტ რეკლამაში არასტანდარტულ ბანერებზე გააკეთა. ”ფინლანდიას” პლატფორმა არაორდინალურ ცხოვრებას გულისხმობს, ამიტომ რაღაც ორიგინალური უნდა მოგვეფიქრებინა და არჩევანი არასტანდარტულ "რიჩ მედია ბანერზე" შევაჩერეთ. ორიგინალურობიდან და ტექნიკური სირთულიდან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ ინტერნეტ რეკლამის სხვა სახეობებთან შედარებით, ”რიჩ მედია ბანერი” შედარებით ძვირი ღირს, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ინტერნეტ რეკლამის ეს სახეობა უფრო უსვამს ხაზს ჩვენს იმიჯს და გაცილებით ეფექტურად ახდენს პროდუქციისა თუ მომსახურების რეკლამირებას ინტერნეტში ”, - ამბობს დიმიტრი გურიელი.

სარეკლამო კომპანია ”ედვერთლაინის” წარმომადგენლის თეა თაბაგარის თქმით, მართალია, "რიჩ მედია ბანერების" დამზადება ტექნიკურად რთულია, თუმცა კომპანიის ვებდიზაინერები მსგავს სირთულეებს თავს მარტივად ართმევენ. სწორედ ”რიჩ მედია ბანერის” ორიგინალურობა და ეფექტურობა განაპირობებს იმასაც, რომ არასტანდარტული ინტერნეტ რეკლამები საქართველოში ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გაცილებით ხშირად გვხვდება სხვადასხვა ქართულ ვებგვერდებზე. “დამკვეთები სულ უფრო ხშირად ირჩევენ არასტანდარტულ ინტერნეტ რეკლამებს, რადგან ის ბევრად ორიგინალური და საინტერესოა”, - აცხადებს თეა თაბაგარი.