„ლარის მკვეთრი გამყარების და გაუფასურების აპეტიტს არ ვხედავთ“, - ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის“ კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.
„მიუხედავად იმისა, რომ M2-ით გამოხატული ლარის მიწოდება გარკვეულწილად აღდგა, ის მაინც ზომიერი რჩება. ბაზარზე ლარის დაფინანსების საჭიროება ვალუტების მიხედვით კომერციული ბანკების ლიკვიდურობის მაჩვენებლებიდანაც ჩანს. ამის ძირითადი მიზეზი არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინი და მასთან დაკავშირებული ეროვნულიდან უცხოურ ვალუტაში კონვერტაციებია.
იმ დაშვებით, რომ არჩევნების შემდეგ ლარი შედარებით სტაბილურობას შეინარჩუნებს, სავარაუდოა, რომ კონვერტაციები უკვე საპირისპირო მიმართულებით განხორციელდება. ამან, ოქტომბერში გაძლიერებულ სავალუტო ნაკადებთან ერთად, როგორც ეს „თიბისის“ მონაცემებიდან ჩანს, შეიძლება ლარის კურსის გამყარებისკენ ზეწოლა გამოიწვიოს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არც ლარის მკვეთრი გამყარების და არც გაუფასურების აპეტიტს არ ვხედავთ, არ გამოვრიცხავთ, რომ ეროვნული ბანკი რეზერვებს შეისყიდის,“-ნათქვამია „თიბისის“ მიმოხილვაში.