"საქპატენტსა" და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

სოფლის მეურნეობის პროდუქციის - ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დღეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ "საქპატენტსა" და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ერთობლივ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

როგორც მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე მხარეებმა განაცხადეს, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ხარისხიანობას. "დღეს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს "საქპატენტსა" და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის, რომელიც მიმართული იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენასა და დაცვაზე. გეოგრაფიული აღნიშვნების პროექტი ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ხარისხის გარანტიას, რაც ევროპის ბაზარზე თავის დამკვიდრების გარანტიას წარმოადგენს", -განაცხადა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ "საქპატენტის" ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გოგლიძემ.

ამჟამად საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 30-ზე მეტი რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ქართულ ექსპორტს წარმოადგენს. "საქპატენტის" ინფორმაციით, 2014 წელს ევროკავშირის პროგრამის ENPARD ფარგლებში მომზადდა სპეციფიკაციები ოთხი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის (ახალქალაქის კარტოფილი, ქუთაისის მწნილი, ტყიბულის ჩაი, მაჭახელას თაფლი) რეგისტრაციისთვის და ჩამოყალიბდა ამ სახელების გამოყენების მენეჯმენტის ოთხი ასოციაცია.