„ქვეყნის ჩაკეტვა არ გაბედოთ - დაგვანებეთ თავი და გვაცხოვრეთ,“- ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„თუ დასაშვებია ერთმანეთის მიყოლებით ათეულობით ათასი ადამიანისგან შემდგარი საპროტესტო აქციები, მაშინ დაშვებულია ჩვენთვისაც ვიცხოვროთ და გადავაადგილდეთ ადამიანურად.
დაგვანებეთ თავი და გვაცხოვრეთ - ჩვენ ვმუშაობთ, ვქმნით ეკონომიკას, დაგვყავს შვილები ბაღებსა და სკოლებში. ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ჩვენ ამ ჩვენი “გახსნილი” ცხოვრებით ერთმანეთს ვუხდით ხელფასს.
დაგვანებეთ თავი, არ გაბედოთ ქვეყნის ჩაკეტვა. ამას ვერც ადამიანები და ვერც ეკონომიკა ვერ გადაიტანს,“-წერს აბესაძე.
სპეციალისტების შეფასებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საგანგაშოა. დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ბევრი მიზეზის გამო მობილობა ძალიან არის მომატებული, ამიტომ დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ იძლევა. რაც შეეხება აცრებს, მისივე თქმით, თუ რაიმე ძლიერი წამახალისებელი ან შეზღუდვა არ იქნება, ნებაყოფლობით მეტი ადამიანი აღარ აიცრება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ რიგი გადაწყვეტილებები მიღებული იქნება.