„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი - კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, ყველა კლინიკაში იძაბება მდგომარეობა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებასთან ერთად, ყველა კლინიკაში იძაბება მდგომარეობა - თუ ასე გაგრძელდება, პროგნოზი იქნება არაკეთილსაიმედო, - ამის შესახებ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მითია, რომ კორონავირუსი, მძიმე ზემოქმედებას მხოლოდ ასაკოვან პაციენტებზე ახდენს და ეს "მეხუთე ტალღამ" აჩვენა.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის პროპორციულად, დადასტურებული შემთხვევების მატებასთან ერთად, ყველა კლინიკაში იძაბება მდგომარეობა და არც ჩვენი კლინიკაა გამონაკლისი. პრაქტიკულად, თითქმის 100%-ით არის კლინიკა დატვირთული, დღეის მდგომარეობით საწოლფონდის 90% სრულად არის ათვისებული და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საკმაოდ მძიმე პაციენტები არიან.

ქვეყანაში არსებული სიტუაცია არის ძალიან ცუდი და სამწუხაროდ, უფრო დრამატული მოლოდინიც გამაჩნია, რადგან ვხედავ სიტუაცია როგორ ვითარდება. დღითიდღე მატულობს დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა და თუ ასე გაგრძელდება, პროგნოზი იქნება არაკეთილსაიმედო. მით უმეტეს სეზონური ვირუსის თანდართვასთან ერთად ველოდებით არამარტო კორონავირუსით დაავადების, არამედ ზოგადად რესპირატორული დაავადებების რაოდენობის ზრდას და რა თქმა უნდა, ეს გაზრდის მძიმე პაციენტების წილს და კიდევ უფრო გაზრდის ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას.

„მეხუთე ტალღა" აჩვენებს, რომ ძალიან ვარიაბელურია ასაკობრივი მაჩვენებელი. არ მინდა ვიყო პანიკის საფუძველი, მაგრამ რეალობა ასეთია - მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს მხოლოდ ასაკოვან პაციენტებს. მითია, რომ ეს ვირუსი მხოლოდ ასაკოვან პაციენტებზე ახდენს მძიმე ზემოქმედებას და ცუდ გამოსავალს იძლევა. პრაქტიკულად თანაბარია გამოსავლის თვალსაზრისით. ზუსტად ისევე თანაბარი პროცენტული მაჩვენებლით შეიძლება იყოს მძიმე მიმდინარეობა და ცუდი გამოსავალი ახალგაზრდა ასაკში, როგორც ხანდაზმულ ასაკში.

ეს ნამდვილად "მეხუთე ტალღაა". ვისურვებდი, რომ მალე დაიწყოს დაღმასვლა მეხუთე ტალღამ, თუმცა ეპიდემიოლოგების მოლოდინი ამის იმედს არ მაძლევს. სეზონის, დაავადების პროგრესირების, ტალღის და ა.შ. გათვალისწინებით, შესაძლებელია, ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზარდოს და კიდევ უფრო დრამატული გახდეს“, - განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ .