მთავრობა სოფლის სახლების – საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას გეგმავს

2015 წელს მთავრობა სოფლის სახლების – საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას გეგმავს.

როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, სოფლის სახლებში იქნება იგივე სერვისები და უფრო მეტი, ვიდრე იუსტიციის სახლებში. "ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი სოფლის მოსახლეობისთვის. გადავწყვიტეთ 2015 წელს ე.წ. სოფლის სახლები – საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც ჩვენი სოფლის მოსახლეობა 200-მდე საჯარო და კერძო სერვისს იღებს, აშენდეს 13 სოფელში და დღეს მივიღეთ თანხმობა მთავრობისგან, რომ იანვარშივე დაიწყოს მშენებლობა გურიაში, კერძოდ, ქვემო ნატანებში. საოკუპაციო ზოლთან სამეგრელოში, სოფელ ორსანტიაში, დაბა კაზრეთსა და ყვარლის რაიონებში. რა თქმა უნდა, ჩვენ სოფლები შევარჩიეთ იანვარ-თებერვლისთვის, სადაც კლიმატი ამის საშუალებას მოგვცემს და შემდეგ დანაჩენის მშენებლობაც დაიწყება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წლის ბოლომდე დასრულდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სოფლად დამაგრებას და იქვე საქმიანობის წარმოებას, რადგან სოფლის სახლებში ჩვენ ვაკეთებთ მათთვის ბიბლიოთეკას, უფასო ინტერნეტს და სხვა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, სოფლის სახლებში მოსახლეობას შეუძლია მიიღოს ზუსტად ის სერვისი, რასაც ქალაქის მოსახლეობა ღებულობს იუსტიციის სახლებში და უფრო მეტიც. "მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები არ გვაქვს იუსტიციის სახლში, მაგრამ გვაქვს საზოგადოებრივ ცენტრებში, რადგან სოფლის მოსახლეობისთვის ეს საინტერესოა. სოფლის სახლი გაცილებით უფრო მდიდარია სერვისებით, ვიდრე იუსტიციის სახლი", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, წელს იუსტიციის სახლების მშენებლობაც გაგრძელდება და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს მოხდება მთიან რაიონებში, კერძოდ ყაზბეგში, თიანეთსა და ბორჯომში.