ჩიპების დეფიციტის გამო iPhone 13-ის მოსამარაგებლად iPad-ის წარმოება განახევრდა

Apple-მა iPad პლანშეტების წარმოება iPhone 13-ისთვის მეტი კომპონენტის გამოყოფის მიზნით შეამცირა. Reuters-ის შეფასებით, ეს იმის ნიშანია, რომ ჩიპების მიწოდების გლობალური შეფერხება ტექნოლოგიურ გიგანტს იმაზე მეტ დარტყმას აყენებს, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ.

ბოლო ორი თვის განმავლობაში iPad-ის წარმოება, Apple-ის თავდაპირველ გეგმებთან შედარებით, განახევრდა. Reuters-ის წყაროს ცნობით, კომპანია iPhone 13-ის წარმოებაში ძველი iPhone-ისთვის განკუთვნილ ნაწილებსაც გამოიყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ აზიაში ქარხნების დახურვისა და წლის მეორე ნახევარში მაღალი მოთხოვნის გამო, iPhone 13-ის წარმოება შეფერხდა, Apple-მა მიწოდების დეფიციტს, სხვა კომპანიებთან შედარებით, უკეთესად გაუძლო. ამის მიზეზი კომპანიის მასიური მსყიდველუნარიანობა და ჩიპების მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტებია.

„iPhone-ის მწარმოებელი პრიორიტეტს iPhone 13-ის წარმოებას იმიტომაც ანიჭებს, რომ კომპანია, iPad-თან შედარებით, სმარტფონზე უფრო ძლიერ მოთხოვნას პროგნოზირებს, რადგან დასავლური ბაზრები პანდემიიდან გამოდიან,“ - წერს Reuters.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ