ახალი წლისთვის ფიტნეს აბონიმენტებზე ფასებს სავარაუდოდ, კიდევ გავზრდით -  "რეფორმერი ფიტნესი"

„რეფორმერი ფიტნესში“ სავარაუდოდ, ახალი წლიდან ფიტნეს აბონიმენტებზე ფასები კიდევ გაიზრდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სპორტდარბაზის მფლობელმა გიორგი ფუტკარაძემ განუცხადა. მისი თქმით, აბონიმენტების შესაძლო გაძვირება გაზზე მომატებულ ტარიფებს უკავშირდება.

„ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფის ზრდასთან ერთად ჩვენ ერთხელ უკვე გავზარდეთ აბონიმენტებზე ფასები დაახლოებით 10% -ით, სავარაუდოდ, იგივე პროცენტულობით გავზრდით ახლაც.

ფასების გაზრდა არ იგეგმება უახლოეს დღეებში, მაგრამ ახალი წლიდან სავარაუდოდ, გაიზრდება. იქამდე კი, დავაკვირდებით დაგვაწვება თუ არა ტვირთად გაზრდილი ტარიფები.

ჩვენ არ გვსურს მომხმარებელი მძიმე ფაქტის წინაშე დავაყენოთ, თუმცა გვიწევს ვითარებას გადავხედოთ და თუ საჭირო გახდა, ფასები გავზარდოთ“,- ამბობს გიორგი ფუტკარაძე.

შეგახსენებთ, რეგიონებში გაზის ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება. 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი აირი 1.15 ლარი ხდება. ბიზნესისთვის გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელეს კომპანიებმა - „ინტერ გაზი“, "თელავი გაზი" და „სოკარ ჯორჯია გაზი“. დღეს მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი "თელავი გაზის" და „სოკარ ჯორჯია გაზის“ შემთხვევაში არის 0.95 ლარი 1მ3-ზე, „ინტერ გაზის“ კი 1.09 ლარი.

ქრისტინე კაპანაძე