დე ფაქტო მთავრობა აფხაზებს საბჭოთა დროინდელ „სბერბანკის“ დანაზოგებს აუნაზღაურებს

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მომავალი წლიდან საბჭოთა „სბერბანკის“ მეანაბრეებს 1992 წელს დაკარგულ თანხას აუნაზღაურებს. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

„2022 წელს სბერბანკის მეანაბრეებისთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ“ მიღებული დადგენილებით, დე ფაქტო მთავრობა მოქალაქეების მიერ 1992 წლის 14 აგვისტომდე შემნახველ ბანკში შეტანილ დეპოზიტებზე კომპენსაციებს გასცემს. ამ მიზნით მომავალ წელს 4 მლნ რუბლი (55 712 დოლარი) გამოიყოფა.

დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი, ვლადიმირ დელბა აცხადებს, რომ აფხაზეთის ომისშემდგომ პერიოდში რეგისტრაციის სამი ეტაპი დაწესდა და კომპენსაციის მიღების უფლება მოქალაქეთა იმ კატეგორიას აქვს, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა.

დელბას თქმით, კომპენსაციის გადახდა ჯერ კიდევ 2011 წლეს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„დღემდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 178 მლნ რუბლზე მეტი (2 479 572 დოლარი) არის გადახდილი და საბჭოთა დროინდელი დანაზოგი 13 813 ადამიანს აუნაზღაურდა,“ - ამბობს ვლადიმირ დელბა.

მისი მონაცემებით, მიმდინარე წელს კომპენსაციებზე 2,5 მლნ რუბლი (27,854.89 დოლარი) დაიხარჯა.

„კომისიაში შედგნილი სიების გათვალისწინებით, 2022 წელს 4 მლნ რუბლის (55 712 დოლარის) გამოყოფა გადაწყდა და თახნის ამ მოცულობას გავუმკლავდებით. მოცემულობა ასეთია და რაკი აფხაზეთს ვალდებულება აქვს აღებული, მოქალაქეებმა კომპენსაციები უნდა მიიღონ,“ - აცხადებს დე ფაქტო მინისტრი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ