მისო-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა - Top-10 კომპანია, ვისაც ყველაზე მეტი თანამშრომელი ჰყავს

2021 წლის მესამე კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისო-ების ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალში 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მთლიანად 4 199 ადამიანს ასაქმებდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 40 მისო-ში 4 021 ადამიანი მუშაობდა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 381-დან 386-მდე გაიზარდა მისო-ების ფილიალებისა და სერვის-ცენტრების რაოდენობა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელიც 2021 წლის მდგომარეობით ყველზე მეტ ადამიანს ასაქმებს:

  • მისო კრისტალი - 991 დასაქმებული
  • რიკო ექსპრესი - 530 დასაქმებული
  • სვის კაპიტალი - 355 დასაქმებული
  • კრედიტსერვისი +- 314 დასაქმებული
  • ლაზიკა კაპიტალი - 274 დასაქმებული
  • ლიდერ კრედიტი - 243 დასაქმებული
  • მიკრო-ბიზნეს კაპიტალი - 240 დასაქმებული
  • ინტელექსპრესი - 206 დასაქმებული
  • ქართული კრედიტი - 122 დასაქმებული
  • ევრო კრედიტი - 118 დასაქმებული

ცნობისთვის, 2021 წლის მესამე კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მისო-ების წმინდა მოგებამ 78.7 მლნ ლარს გადააჭარბა. ეს თითქმის 20 მლნ ლარით მეტია წინა კვარტალთან შედარებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით კი 66 მლნ ლარით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალი სექტორმა 78 769 680 ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 85 488 927 ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მისო-ების წმინდა მოგებამ 12 719 618 ლარი შეადგინა, დარეზერვებამდე წმინდა მოგება კი 69 417 846 ლარი იყო.

ნინი ქეთელაური