ევროკავშირი ტყეების დასაცავად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ მზად არის გამოყოს 1 მილიარდი ევრო ტყეების დაცვის გლობალური ინიციტივისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP26) ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ევროკომისია 1 მილიარდ ევროს გამოყოფს ტყეების დაცვის გლობალური ინიციატივისთვის“, - განაცხადა მან.

ფონ დერ ლეინმა ასევე პირობა დადო, რომ ევროკომისია მალე გამოსცემს დირექტივას, რომლის თანახმად შეიზღუდება ევროკავშირის გავლენა ტყის ჩეხვასთან დაკავშირებით. „პროდუქცია, რომელიც ხვდება ევროკავშირში, არ უნდა მზადდებოდეს ტყის გაჩეხვის ხარჯზე“, - დასძინა მან.

ამასთან, გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პლანეტის მასშტაბით მწვანე საფარის მასობრივი განადგურების წინააღმდეგ საერთო ჯამში ისინი 19.2 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფენ.

სამიტის დროს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ბრაზილიის, კანადის, რუსეთის, ინდონეზიისა და კონგოს ტყეების შესანარჩუნებლად, სადაც პლანეტის მწვანე საფარის 85% მდებარეობს.

გარემოს დამცველი ექსპერტები ლიდერების გადაწყვეტილებას მიესალმებიან და მათ მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

კოკა კვირკველია