“სახლდება 21-27 წლის ახალგაზრდა წყვილი” - რაჭა-ლეჩხუმში 89-ე მიტოვებული სახლი გაიყიდა

რაჭა-ლეჩხუმში უკვე 89-ე მიტოვებული სახლი გაიყიდა. როგორც პროექტის „დაკარგული სამოთხე“ ავტორი სოციალურ ქსელში წერს, სახლში, რომელიც სოფელ ჩხუტელში გაიყიდა, ახალგაზრდა წყვილი სახლდება. მისი ღირებულება კი, 6000 აშშ დოლარს შეადგენდა.

„89-ე კარმიდამო გათბა, ბედნიერებაში. სახლდება 21-27 წლის ახალგაზრდა წყვილი. თუ არ მეშლება ამ სოფელში ეს მესამე ახალმოსახლე უნდა იყოს“,- წერს ლექსო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, ლექსო ჩარკვიანმა პროექტი „დაკარგული სამოთხე“ 2018 წლის ივნისში დაიწყო და დღემდე, უკვე 89 მიტოვებულ სახლს აპოვნინა ახალი პატრონი. კამპანიის ფარგლებში, ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ „გაცოცხლებას“ ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობს. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის საშუალებით აგროვებს, მათ მოსანახულებლად კი საკუთარი ხარჯებით ჩადის. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს, დანარჩენს მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებენ.

რაც შეეხება თავად იდეას, როგორც ავტორი აცხადებს, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას თვალწინ მიტოვებული სახლი ჩამოეშალა.

მისი თქმით, მიტოვებული სახლებით ძირითადად ქართველი ემიგრანტები და ახალგაზრდები ინტერესდებიან.

38716972-450122535465125-285356798217551872-o-1635935598.jpg

73515595-902483970228977-8664547430335331098-o-1607594905-1635935611.jpg

86218004-800596793751029-4508566568069758976-o-1607594947-1635935634.jpg

ნინი ქეთელაური