„ნავთობპროდუქტებზე ფასმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. გაიაფების ერთადერთი ბერკეტი აქციზის გადასახადის შემცირებაა“

ნავთობპროდუქტებზე ფასმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. გაიაფების ერთადერთი ბერკეტი აქციზის გადასახადის შემცირებაა - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა განაცხადა.

ზაალ იაკოიძის თქმით, დღეს ქვეყანაში ნავთობპროდუქტების გაძვირება, მსოფლიო ბაზარზე ფასის ზრდით არის გამოწვეული, დაბალანსების ერთადერთი გზა კი 2017 წელს გაზრდილი აქციზის შემცირებაა.

„საწვავის გაძვირების მიზეზი ამ ეტაპზე მარტივია და ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია, მსოფლიო ბაზრებზე გაიზარდა ფასები. ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე ბოლო პერიდოში 5 წლის მაქსიმალური ნიშნული დაფიქსირდა. ბუნებრივია, ეს პროპორციულად აისახება ქართულ ბაზარზე.

გამოცდილება ასეთია, როცა იზრდება მოთხოვნა, ნავთობმომპოვებელი ქვეყნები ზრდიან წარმოებასაც. იმედია, ახლაც ასე მოხდება. არ შეიძლება, ფასები სულ იზრდებოდეს.

დღეს ნავთობპროდუქტებზე ფასმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. შემცირების ერთადერთი ბერკეტი აქციზის გადასახადის შემცირებაა. 2017 წელს ბენზინზე აქციზის გადასახადი გაორმაგდა. მასშტაბური იყო ფასის ზრდა დიზელზეც 150-დან 400 ლარამდე. ახლა მართლა ისეთ ნიშნულზეა ფასები, რომ თუ არსებობს რამე გზა, მოხდეს აქციზის შემცირება, ეს უნდა გაკეთდეს. ეს დაახლოებით 25 თეთრით გააიაფებს საწვავს.

ეს იქნება მყისიერი ეფექტი, თუმცა ეს ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა და არის ძირითადი მიზეზი რატომაც არ მცირდება აქციზი. ახალს არაფერს ვამბობ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს მეტად აუცილებელია“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ ,,საქმეში“.

შეგახსენებთ, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება გაზრდილია.

თამარ მუკბანიანი