საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის პროექტი განხორციელდება

საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის პროექტი განხორციელდება.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე განიხილეს დეპოზიტების დაზღვევის პროექტი საქართველოში და შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს, ეკონომიკის მინისტრი კი იქნება ამ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე. მსოფლიო ბანკის დახმარების პროექტის ფარგლებში საქართველოში შეიქმნება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის წევრი არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რადგან ეროვნული ბანკის ჩართულობის გარეშე ეს რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება.

"ეს სისტემა მოქმედებს თითქმის ყველა ჩვენნაირ ქვეყანაში და ამ სისტემის მთავარი მიზანი არის, რომ წვრილი დეპოზიტარი იყოს დაცული ეკონომიკაში სხვადასხვა რყევებისგან. ეს სისტემა აპრობირებულია საერთაშორისო გამოცდილებით და არავითარი ინოვაციური ამაში არ არის. ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად განსახორციელებელი პროექტია საქართველოში. ამას გარდა, ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ გვაქვს ვალდებულებაც, რომ ეს სისტემა დავნერგოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.