რა პირობებით არის შესაძლებელი კლინიკების მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სერვისების ჩართვა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თავად კლინიკის გადაწყვეტილებით პორტალზე სერვისების ატვირთა შეზღუდულია დაახლოებით წელიწადნახევარია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სტაციონალური სამედიცინო დაწესებულებების ჩართვა შეზღუდა.

გაბუნიას განმარტებით, პროვაიდერების მიერ სერვისების დამატება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მონაწილე დაწესებულებებს, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო, მას შემდეგ ეს მექანიზმი მუშაობს, შეუძლიათ სააგენტოს შესთავაზონ თავიანთი სერვისი. არის პორტალი, სადაც იტვირთება ეს შეთავაზება თავისი ფასითა და სერვისის სახით და შემდეგ ერთვება დაწესებულება ან ეს სერვისი პროგრამაში. გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აღინიშნა სერვისების ჭარბწარმოება, რაც იწვევს ფასის მომატებას, ჯანდაცვის სერვისების არარაციონალურ მოხმარებას, დაახლოებით, მეორე წელია უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა კომისია, რომელიც იღებს განცხადებებს ახალი პროვაიდერი კლინიკებისგან, სადაც უნდა იყოს დასაბუთებული, რატომ არის აუცილებელი კონკრეტული პროვაიდერის გაშვება ამა თუ იმ ლოკაციაზე, ან ახალი სერვისის დამატება ამა თუ იმ ლოკაციაზე. ამ კომისიის გადაწყვეტილებით ემატება უკვე ეს ახალი სერვისი, მაგრამ ასე თავისუფლად უკვე თავად კლინიკის გადაწყვეტილებით, სერვისების ატვირთა შეზღუდულია დაახლოებით წელიწადნახევარია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.