თურქეთი 2023 წლისთვის 50 მილიონი უცხოელი ტურისტის მიზიდვასა და ტურიზმიდან 50 მლრდ დოლარის შემოსავალს ისახავს მიზნად. კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმედ ნური ერსოის ამ განცხადებას სააგენტო Hürriyet ავრცელებს.
მინისტრის თქმით, მძიმე წლის შემდეგ, როცა კოვიდპანდემიის გამო გლობალური ტურისტული აქტივობა 65%-ით შემცირდა, თურქეთში გასული თვეების განმავლობაში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობამ მატება დაიწყო.
„ტურიზმში თურქეთის კონკურენტები ესპანეთი და საბერძნეთი არიან, რომლებიც ამ მხრივ ნაკლებად დაზარალდნენ, თუმცა ბოლო დროს ტურისტული აქტივობის აღორძინება თურქეთშიც შეინიშნება,“ - აცხადებს მინისტრი.
მისი თქმით, უცხოელი ვიზიტორების მოზიდვაში თურქეთს ლირას გაუფასურებაც ეხმარება. თუმცა მინისტრი შენიშნავს, რომ წლის დასაწყისიდან არაბული ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა შემცირდა, ამიტომ თურქეთის ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციისთვის, ყატარში სააგენტო შეიქმნა. ამასთან, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ, ჯანმრთელობის ტურიზმის განვითარებისთვის, ვაჭრობის სამინისტროსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომ ქვეყანაში უცხოელების შესვლას ორივე უწყებამ შეუწყოს ხელი, რადგან ჯანდაცვის ტურიზმი თურქეთში დიდი ინდუსტრიაა.
ცოტა ხნის წინ მეჰმედ ნური ერსოიმ ტურიზმის წლიური მიზნები ზრდის მიმართულებით შეცვალა. მინისტრის თქმით, წელს ქვეყანა 28 მილიონ უცხოელ ტურისტს და ტურიზმიდან 22 მლრდ დოლარის შემოსავალს ელოდება.
აგვისტოში თურქეთმა, თითქმის, 4 მილიონ ტურისტს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ წლიურმა მატებამ 119% შეადგინა, ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ, ანუ 2019 წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით, 37%-ით ნაკლებია.
იანვარ-აგვისტოში ქვეყანას 14 მილიონზე მეტი უცხოელი დამსვენებელი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 94%-ით მეტი, ხოლო 2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, 55%-ით ნაკლებია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ