ქართული მხარე "როსნეფტის" მიერ ფოთის პორტის აქციების შესყიდვის საკითხს სწავლობს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "როსნეფტის" მიერ ფოთის პორტის აქციების შესყიდვის იურიდიულ მხარეს სამი უწყება სწავლობს.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, არღვევს თუ არა "როსნეფტი" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს. ,,ეს ტრანზაქცია ჩვენგან დამოუკიდებლად განხორციელდა. მე გავეცი დავალება და ეკონომიკის, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივად სწავლობენ ამ საკითხის იურიდიულ მხარეს. როდესაც შესწავლა დამთავრდება, შედეგებს მოგახსენებთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ფოთის პორტის ნავთობტერმინალისა და "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი "როსნეფტის" მფლობელობაში გადავიდა. რუსულმა ენერგოკომპანია "როსნეფტმა" ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის კუთვნილი "პეტროკას ენერჯის" აქციების 49%-ს შეიძინა. გარიგების მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ასევე იგეგმება ერთობლივი კომპანიების შექმნა ამიერკავკასიაში "როსნეფტის" პროექტების რეალიზაციისთვის. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა, თუმცა, ცნობილია, რომ აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება.