ელექტროენერგიის კრიზისის გამო სოხუმი რუსეთისგან დენის მიწოდებას ისევ ითხოვს

აფხაზეთში კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგზე 500 მილიონ კილოვატ/საათზე მეტი იხარჯება. ამის შესახებ დე ფაქტო პრზიდენტ ასლან ბჟანიამ აფხაზეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მოსკოვიდან ახალდაბრუნებული ბჟანია ელექტროენერგიის დეფიციტზე საუბრობს, რის გამოც რუსეთის ფედერაციის მთავრობისგან დენის მორიგ მიწოდებას ითხოვს.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მოსკოვში განვიხილეთ და რაზეც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, არის რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება. ჩვენ ელექტროენერგიის დეფიციტს განვიცდით, რაც კრიპტოვალუტის მასშტაბურ არალეგალურ მოპოვებას უკავშირდება,“ - აცხადებს ბჟანია.

მისი მონაცემებით, უკანონო მაინინგფერმები გამოავლინეს ტყვარჩელში, გალისა და გაგრის რაიონებში, თავად ბჟანიას მშობლიურ სოფელ ტამიშში და სულ ახლახან სოფელ აძუბჟაში. ასლან ბჟანიას თქმით, ის მოსახლეობას დაპირდა, რომ შეიქმნება ტექნოპარკები და მაინინგაპარატურის მფლობელებს ლეგალური მუშაობის საშუალება ექნებათ. თუმცა ბჟანია იქვე შენიშნავს, რომ ხალხი მის მოწოდებებს ყურადღების გარეშე ტოვებს.

„ამის შედეგად დენს ვეღარ ვაწვდით საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებსა და სასწავლო დაწესებულებებს. ხალხი კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს განაგრძობს, რაც ყველა ჩვენგანს სერიოზულ პრობლემას უქმნის“, - ამბობს ბჟანია.

მან მოსახლეობას შეახსენა, რომ იმ ელექტროენერგიის საფასური, რაც რუსეთმა აფხაზეთს გასულ წელს მიაწოდა, აფხაზურ მხარეს არ გადაუხდია და ფედერაციის ბიუჯეტიდან დაიფარა, რასაც რუსეთი ყოველთვის არ გააკეთებს.

„მუდმივად ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ ჩავახშობთ ამ ქმედებებს, დავასახელებთ ამ ადამიანების გვარებს და გამოვაჭენებთ ტელევიზიით. ეს უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა, რომ სახლში ელექტროენერგია გვქონდეს. ეს მხოლოდ ხელმძღვანელობის კი არა, შესაძლოა, მთელი აფხაზეთის მოსახლეობის პრობლემად გადაიქცეს. იმედი გვაქვს, რომ რუსული მხარე ისევ დაგვეხმარება, მაგრამ ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ისინი უსასრულოდ არ დაგვეხმარებიან,“ - ამბობს ბჟანია.

გაბრაზებული დე ფაქტო პრეზიდენტი ელექტროგადამცემ ხაზებზე მუდმივ ავარიებს სწორედ კრიპტომაინერებს აბრალებს. მაგალითად, დიდი ავარია მოხდა ბზიფისა და აჭგუარას მაღალი ძაბვის ხაზებზე, რომელზეც დენის მიწოდება კაპიტალური რემონტის გარეშე ვეღარ აღდგება.

„ჩვენ თავად უნდა ვისწავლოთ ელექტროენერგიის მოპოვება ან უნდა დავკმაყოფილდეთ იმ საშუალებებით, რაც ენგურჰესის გენერაციის მოცულობიდან გვაქვს,“ - აცხადებს ბჟანია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ