ჯანმო-მ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ინდური „კოვაქსინის“ ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია Bharat Biotech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „კოვაქსინის“ გადაუდებელი მიზნით გამოყენებას მხარი დაუჭირა.

„ტექნიკურმა საკონსულტაციო ჯგუფმა დაადგინა, რომ „კოვაქსინის“ ვაქცინა კოვიდ 19-სგან დაცვის კუთხით ჯანმო-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს და რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს“, - ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.

„კოვაქსინის“ გამოყენების საკითხზე ასევე იმსჯელა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულმა საკონსულტაციო ჯგუფმა, რომელმაც 18 წლის და უფროსი ასაკის პირების 2 დოზით, 4-კვირიანი ინტერვალით, აცრის რეკომენდაცია გასცა.

„კოვაქსინი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო მეშვიდე ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა მოიპოვა. ჯანმო-ს მიერ დღემდე დამტკიცებული ვაქცინებია : „ფაიზერ/ბიონტექის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“, „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები.