„ჩვენს შემთხვევაში სამართლიანობა ვერანაირად ვერ აღდგა - 2012 წლის შემდეგ ჩვენ წავაგეთ 3 სასამართლო დავა კეზერაშვილთან  - ,,სენტა პეტროლიუმ ჯორჯია“

ჩვენს შემთხვევაში სამართლიანობა ვერანაირად ვერ აღდგა - ამის შესახებ ,,სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა. იაკობიძის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბაზარზე დაბრუნდნენ, თუმცა შესუსტებული პოზიციებით.

„ჩვენ ბაზარზე დავბრუნდით ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თუმცა ჩვენ ვერ დავიბრუნეთ ქსელი, ვერ მოვიგეთ ვერცერთი დავა კეზერაშვილთან და ამ ბანდასთან, ვერაფერი გავაწყვეთ. დავბრუნდით ბაზარზე, მაგრამ მითვისებული ქონება და ქსელი ვერ დავიბრუნეთ. ჩვენს შემთხვევაში სამართლიანობა ვერანაირად ვერ აღდგა, ნულოვანი შედეგი გვაქვს. უფრო მეტიც, 2012 წლის შემდეგ, ჩვენ წავაგეთ სამი სასამართლო დავა კეზერაშვილთან. ამის შემდეგ, ჩვენ გადაგვახდევინეს ექსპერტების, ადვოკატების და სხვა, ყველა ხარჯი. შედეგად რამდენიმე ასეული ათასი ლარის გადახდა ისევ ჩვენ მოგვიწია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვიყადაღდებოდა ქონება. დავბრუნდით, თუმცა საბითუმო რეალიზაციაში“ - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, 2011 წელს „სენტა პეტროლიუმის“ მეპატრონეებს დავით მიმინოშვილს და ზაალ იაკობიძეს შ.პ.ს. ”სენტა პეტროლიუმისა” და შ.პ.ს ”ბემონის” ქონება იძულებით გადააფორმებინა „გალფის“ ბრენდის ქვეშ მოქმედ შპს-ებზე: „სან პეტროლიუმ ჯორჯია Sun Petroleum Georgia სა (ყოფილი შპს “სან ოილ ჯორჯია”) და შპს „ჯორჯიან პეტროლიუმ ექვითის -ზე”.

კომპანია „სენტა პეტროლიუმმა“ კეზერაშვილთან 2012 წელს მათივე სურვილით დაწყებული სასამართლო დავა 2018 წლის გაზაფხულზე წააგო, ამით კომპანიამ 50 ავტოგასამართი სადგური, ორი ნავთობბაზა და 17 მიწის ნაკვეთი (სადაც ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა იგეგმებოდა) დაკარგა. სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარე პირველი ინსტანციის საფუძველზე გაამართლა და მან საქმის მასალებში იძულების ნიშნები ვერ დაინახა.

თამარ მუკბანიანი