ამირან გამყრელიძე რისკჯგუფში მყოფ მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ​ მოუწოდებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რისკჯგუფში მყოფ მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ​ მოუწოდებს. როგორც მან აღნიშნა, ახლა კორონავირუსის მხრივ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია, ნოემბერ-დეკემბერი კი, უფრო რთული იქნება, რადგან ამ დროს აქტიურდება სხვა რესპირაციული ინფექციები.

„სამწუხაროდ, შემთხვევათა რაოდენობა მატულობს. წინა ორი კვირასთან შედარებით შემთხვევათა რაოდენობა მომატებულია. ასევე როგორც ყოველდღიური, ისე კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებლით დაახლოებით იმ დონეზე ვართ, როგორც აგვისტოს პიკზე ვიყავით. ეს გასაკვირი არც არის, მობილობა ქვეყანაში ყოველმხრივ ძალიან დიდია. სამწუხაროდ, ისევ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი, ისევ ბევრია სხვადასხვა მიზეზით თავშეყრა, მობილობა სერიოზულად გაზრდილია. ყველაფერი ეს კი, ხელს უწყობს ეპიდსიტუაციის გაუარესებას. ნოემბერ-დეკემბერი საკმაოდ რთული იქნება, იმიტომ, რომ ამ დროს აქტიურდება სხვა რესპირაციული ინფექციები. ჯერჯერობით გრიპი არ ცირკულირებს ქვეყანაში, გვაქვს მუდმივი მონიტორინგი. არის სხვა რესპირაციული ვირუსები, რომელიც ცირკულირებს, მაგრამ გრიპი ჯერ არ არის. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, გრიპის საწინააღმდეგო აცრების აქტიურად გაკეთებისკენ. გრიპის ვაქცინით დღეისათვის 26 000 ადამიანია აცრილი, 200 000 დოზა განაწილებულია და ვისაც სახელმწიფოს ხარჯზე ეკუთვნის, რისკ ჯგუფები ვინც არიან, აუცილებელია გრიპის საწინააღმდეგო აცრა, რათა ზედდება არ გვქონდეს“, - აცხადებს გამყრელიძე.