808 200 ლარი წლიურად "სახალხო არტისტებისთვის" - რამდენ ადამიანს ეზრდება სტიპენდია

2021 წლის 2 ნოემბრიდან „სახალხო არტისტებს“ სტიპენდია გაეზარდათ. მთავრობის დადგენილებით უმრავლესობა ნაცვლად 400 ლარისა, ყოველთვიურად უკვე 600 ლარს მიიღებს. ისინი კი, ვინც ამ დრომდე 250 ლარს იღებდა, ამიერიდან 400-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ. ჯამში „სახალხო არტისტების“ სტიპენდია წლიურად ბიუჯეტს 808 200 ლარი დაუჯდება.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის საფუძველზე, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის განსაზღვრული ყოველთვიური სტიპენდია გაიზარდა 200 ლარით, 400 ლარიდან 600 ლარამდე, ხოლო სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისათვის განესაზღვრათ 600 ლარის ოდენობით“, - აღნიშნულის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთთობის დეპარტამენტიდან განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის N524 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშ­ვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის N284 დადგენილებაში.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ჯამში ცვლილება შეეხო 118 ადამიანს, რომელთაგან უმრავლესობა 70 წელს არის გადაცილებული. ამასთან, „ლიტერატურისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეებისათვის ყოველთვიური დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან კულტურის იმ მუშაკებს (17 პირს), რომელიც დღემდე დახმარების სახით სამინისტროსგან ყოველთვიურად 250 ლარს იღებდა, ეს თანხა 400 ლარამდე გაეზარდა.

ქრისტინე კაპანაძე