Lufthansa პანდემიის შემდეგ კვარტალურ მოგებაზე პირველად გავიდა

გერმანულმა Lufthansa-მ კორონაპანდემიის კრიზისის დაწყების შემდეგ, მესამე კვარტალში ოპერაციული მოგება პირველად მიიღო, რასაც სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქებამ და ზაფხულის სეზონზე მაღალმა მოთხოვნამ შეუწყო ხელი. ამის შესახებ განცხადება ავიაკომპანიამ დღეს გაავრცელა.

პროცენტებისა და გადასახადების გადახდამდე, Lufthansa-ს კვარტალურმა კორექტირებულმა მოგებამ (EBIT) 17 მლნ ევრო შეადგინა მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ავიაკომპანიამ 1,262 მლრდ ევროთი იზარალა.

მესამე კვარტალში Lufthansa-ს შემოსავალი, თითქმის, გაორმაგდა და 5,2 მლრდ ევრომდე გაიზარდა. ანალიტიკოსები 5,5 მლრდ ევროს შემოსავალს პროგნოზირებდნენ.

„ჩვენ კრიზისიდან გამოსვლის კიდევ ერთი ეტაპი გავიარეთ,” - განუცხადა Reuters-ს ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარსტენ შპორმა.

Lufthansa, რომელიც, ასევე, ავიაკომპანია Eurowings-ს, Swiss-ს, Brussels-სა და Austrian Airlines-ს ფლობს, მოთხოვნის ზრდას ისევ მოელის, რაც მეოთხე კვარტალში მოგების პოზიტიურ მარჟას გამოიწვევს.

ამჟამად ახალი ჯავშნების რაოდენობა 2019 წლის დონის 80%-ს შეადგენს, რაც საქმიანი მგზავრობების განახლებასა და შორმანძილიან, განსაკუთრებით შეერთებული შტატების რეისებზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ