რა სიახლეები დახვდებათ დამსვენებლებს მთის კურორტებზე და გაიზრდება თუ არა ფასები

მთის კურორტების განვითარების კომპანია ზამთრის სეზონისთვის უკვე აქტიურად ემზადება. თუ რა სიახლეები დახვდებათ დამსვენებლებს, ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა ირაკლი ჭირაქაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსი“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი უმთავრესი, რაც 3 კურორტზე მზადდება, ეს განახლებული საბაგიროები და გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების გამართული სისტემა იქნება.

“მესტია განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება სეზონს. ეს არის თანამედროვე, გონდოლის ტიპის საბაგირო, რომლითაც ჩანაცვლდა ძველი. იმ საბაგიროს ჰქონდა უფრო ნაკლები გამტარუნარიანობა და საკმაოდ დიდი რიგები იყო. ახლა 10-კაციანი გონდოლა იქნება და ეს ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება მესტიისთვის.

ბაკურიანში საკმაოდ დიდი და ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის მომავალი წლის თებერვალში სატესტო ღონისძიება, რომელიც უნდა ჩავატაროთ თებერვალში, მაღალი რანგის და კლასის. ამისთვის კეთდება სათხილამურო, საშეჯიბრო ტრასა და ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. ასევე, როგორც იცით, ზაფხულში სამწუხაროდ, მეხმა დაგვიზიანა კოხტას საბაგიროს ზედა სადგური და მისი რეკონსტრუქციაც ინტენსიურად მიმდინარეობს. ესეც რა თქმა უნდა, სეზონისთვის მზად იქნება.

რაც შეეხება გუდაურს, აქ ერთ-ერთი უმთავრესი საბაგირო, გუდაურა, რომლის ელექტროსადენი გამოვიდა მწყობრიდან გასულ ზაფხულს, ახლით ჩანაცვლდება, შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა საბაგირო იქნება გამართული. ამას გარდა, ტბა გვაქვს გავსებული და ხელოვნური გათოვლიანებაც გვექნება 3 ტრასაზე. ეს სიახლე შესაძლოა, არ არის, თუმცა ასეთი გამართული სისტემით ჯერ არ შევხვედრივართ სეზონს. როგორც კი ყინვები იქნება, შეგვიძლია ხელოვნური თოვლი დავყაროთ და მკაფიოდ გამოვაცხადოთ თარიღი, როდის შევძლებთ ტურისტების მიღებას“,- განაცხადა ირაკლი ჭირაქაძემ.

რაც შეეხება ფასებს, როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი განმარტავს, პანდემიის პირობებში მომსახურების გაძვირება არასწორია.

„წელს და გასულ წელს პანდემიამ ძალიან დაარტყა მთელ ქვეყანას და ახლა არ მიგვაჩნია მართებულად, რომ ფასები გავზარდოთ. ისევ იქნება ძველი ფასები. როგორც შარშან და შარშანწინ იყო“,- აღნიშნა ირაკლი ჭირაქაძემ.

ნინი ქეთელაური