გარდაცვალების მაქსიმალური მაჩვენებელი 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში დაფიქსირდა

2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, COVID-19–ით განპირობებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე 2 399 შეადგენს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, სიკვდილიანობის მაჩვენებლების როგორც რაოდენობრივი, ისე 1 მლნ მოსახლეზე მაქსიმალური რაოდენობა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში დაფიქსირდა.

ამასთან, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში COVID-19-ით განპირობებული ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 8 976-ს შეადგენდა (ლეტალობის მაჩვენებელი 1.46%).

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს რეგიონების მიხედვით, 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით COVID-19-ით სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალ მნიშვნელობას ინარჩუნებდა თბილისში. გამონაკლისს წარმოადგენს 2020 წლის ოქტომბერი-ნოემბერი, როდესაც მაქსიმალური წილი დაფიქსირდა აჭარის რეგიონში.

გარდა ამისა, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული.

„სიკვდილის შესახებ სამედიცინო ცნობაში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება.

თანმხლებ დაავადებებთა შორის: კარდიო-ვასკულარული დ-ბი (ჰიპერტენზიის გარდა) - 69.1%; ჰიპერტენზია - 35.3%; დიაბეტი - 25.5%. ონკოლოგიური დაავადება - 5.8%; ფილტვის ქრონიკული დაავადება - 4.4%;

გართულებებს შორის: პნევმონია - 74.7%; სუნთქვის უკმარისობა - 73.6%; რესპირაციული დისტრეს სინდრომი - 25.8; გულის უკმარისობა - 19%“,- ნათქვამია ინფორმაციაში.