სომხეთი ფოთიდან პორტ კავკაზისკენ საბორნე გადაზიდვებს გეგმავს

1-ლი დეკემბრიდან სომხეთი ფოთის პორტიდან რუსულ პორტ კავკაზისკენ რეგულარულ საბორნე გადაზიდვების დაწყებას გეგმავს. ეს სომხეთს საშუალებას მისცემს საკუთარი რკინიგზის სისტემა ჩართოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ვაან ქერობიანმა განაცხადა.

„ჩვენ უკვე გვაქვს მზა პროექტი, რომელსაც თანხმობისთვის წარვუდგენთ ხელისუფლებას. ამ პროექტის თანახმად ჩვენ შევძლებთ რეგულარული საბრონე გადაზიდვებს ფოთიდან კავკაზისკენ, რაც საშუალებას მოგვცემს ჩავრთოთ ჩვენი რკინიგზის სისტემა ევრაზიის რკინიგზის სისტემაში. თუ მინისტრთა კაბინეტი ამ პროექტს მხარს დაუჭერს, რეგულარული საბორნე გადაზიდვები ფოთიდან კავკაზის მიმართულებით დაიწყება 1-ლი დეკემბრიდან“ - განაცხადა მან.

ქერობიანის თქმით, ეს სომხეთის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას გაზრდის და ამავდროულად გააუმჯობესებს სატრანსპორტო კავშირებს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ბელარუსთან და ყაზახეთთანაც.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, იმის გამო, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან არ აქვს პირდაპირი კომუნიკაცია ტვირთბრუნვის, მაჩვენებელი ამ მიმართულებით დაბალია, კონკრეტულად კი ყაზახეთთან და ბელარუსთან. „სომხეთ-ყაზახეთის ტვირთბრუნვას შეიძლება ვუწოდოთ სტატისტიკური შეცდომა. წლიური ტვირთბრუნვა მხოლოდ 10-15 მილიონი დოლარია, რაც სირცხვილია იმ პოტენციალის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს“, - ხაზი გაუსვა მან.

კოკა კვირკველია