საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვა პირების დახმარებით, ქ. თბილისში მდებარე, ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში რიცხული, ჯამში 47 800 კვ/მ მოცულობის ორი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, გააყალბა აღნიშნული კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გახდა მისი ერთპიროვნული დირექტორი და დამფუძნებელი, რის შემდგომაც მიწის ნაკვეთები გადააფორმა თავისსავე სახელზე რეგისტრირებულ სხვა კომპანიაზე.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, ბრალდებული გეგმავდა მიწის ნაკვეთების იპოთეკით დატვირთვას 200 000 აშშ დოლარამდე თანხის დაუფლების მიზნით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთებს დაედო ყადაღა.
წინასწარი მონაცემებით, მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება აღემატება 16 000 000 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.