ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა

2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2014 წლის დეკემბერში საქართველოში 24,9%-ით ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 116.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 218.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 38.5 მლნ აშშ დოლარით (72.5 მლნ ლარით), ანუ 24.9 %-ით ნაკლებია 2013 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.1% იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.7% მოდიოდა. იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2014 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასეთია - რუსეთი (46.9 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (17.9 მლნ აშშ დოლარი), იტალია (11.2 მლნ აშშ დოლარი), აშშ (8.6 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (6,6 მლნ აშშ დოლარი).

სებ-ის ცნობით, 2014 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.2 მლნ აშშ დოლარი (38.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.4 მლნ აშშ დოლარისა (26.3 მლნ ლარისა) 2013 წლის დეკემბერში.