ებრაული სტარტაპის საჰაერო ბურთები ზედა ატმოსფეროში გაყინულ ნახშირორჟანგს დაიჭერენ

ისრაელის სტარტაპი ზედა ატმოსფეროში უამრავ საჰაერო ბურთს გაგზავნის, რომლებიც ნახშირორჟანგს დააკავებენ და გადაამუშავებენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

High Hopes Labs-მა შეიმუშავა სისტემა, რომელიც ნახშირბადს იჭერს იქ, სადაც ის დედამიწიდან შორ მანძილზე თითქმის გამყარებულია.

„კარგი ამბავი ის არის, რომ გაზის დაჭერა ძალიან ადვილია, როცა ის გაყინვას უახლოვდება. ნახშირბადი მინუს 80 გრადუს ცელსიუსზე იყინება და ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ნახშირბადი ამ ტემპერატურასთან ახლოს ვიპოვოთ, არის 15 კილომეტრით ზევით ჩვენს თავზე,“ - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ნადავ მანსდორფი.

მისი თქმით, კომპანიამ თავისი სისტემა მცირე მასშტაბით გამოსცადა და ჰაერში გაზით სავსე ბურთები სპეციალური ყუთით გაუშვა, რომელიც ნახშირბადის დაჭერის მოწყობილობას წარმოადგენს. ეს ყუთები გაყინულ ნახშირბადს ჰაერიდან განაცალკავებენ და დედამიწაზე დააბრუნებენ, რის შემდეგაც მისი გადამუშავება იქნება შესაძლებელი.

High Hopes Labs მიზნად ისახავს, ორი წლის განმავლობაში უფრო დიდი საჰაერო ბურთები შექმნას, რომლებიც 100 დოლარზე ნაკლებ ფასში დღეში 1 ტონა ნახშირბადის ამოღებას შეძლებენ. ეს გაცილებით ნაკლები ღირებულებაა, ვიდრე მიწაზე ამჟამად განთავსებული ანალოგიური ფუნქციის მქონე ობიექტები ჯდება.

Reuters-ის შეფასებით, წიაღისეული საწვავის წვისა და სამრეწველო მეურნეობის შედეგად გაჩენილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი კლიმატის ცვლილების მთავარი მიზეზია. სტანდარტულ ტემპერატურაზე ატმოსფეროდან CO2-ის მოცილება მეტად დიდ ენერგიას მოითხოვს, რაც მთავრობებისთვის და კომპანიებისთვის არარენტაბელურია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ