ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ დაეცა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 16 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,9311 ლარად იქნება შესაძლებელი. ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი კი 1.9281-ს შეადგენდა.

ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე აფასებს. გოცირიძის განცხადებით, ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის დეკემბრის თვის ბოლოს ფულის მასის დიდი ოდენობით ზრდა. ”ბიუჯეტმა მიიღო დაგვიანებული უცხოური სესხი 145 მილიონი დოლარის ოდენობით, მიყიდა ეროვნულ ბანკს. ბიუჯეტმა მიიღო 275 მილიონი ლარი. გაუშვა მიმოქცევაში. გაიზარდა ფულის მასა. ნაწილი ამ ფულისა წავიდა ვალუტის შესასყიდად ბირჟაზე. გაიზარდა დოლარის კურსი, ანუ გაუფასურდა ლარი”,- განმარტავს გოცირიძე.