Fresh Del Monte Produce მომხმარებლებისთვის განცხადებას ავრცელებს, რომ 1-ლი ნოემბრიდან ბანანზე, მათ შორის ორგანულ ბანანზე, ანანასზე და ახლადმოკრეფილ ყველანაირ ხილზე ფასები გაზარდა.
პორტალ Freshfruit-ის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ბაზრის უპრეცედენტო პირობებისა და ინფლაციური ზეწოლის საპასუხოდ იქნა მიღებული, რაც ყველა ინდუსტრიაში იგრძნობა და კომპანიების წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვზე გავლენას ახდენს.
„ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ მიწოდების ჯაჭვის მასშტაბით ხარჯები შეგვემცირებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ხარჯები მეტად დიდია და მათი დაფარვა შეუძლებელია. ასეთი ინფლაციის გამო, იძულებული გავხდით, ჩვენი პროდუქციის ფასი გაგვეზარდა. ინფლაციის შედეგები ჩვენს ბიზნესში უჩვეულო მოვლენას არ წარმოადგენს და ყველაფერს ვაკეთებთ ამ შედეგების შესამსუბუქებლად," - აცხადებს Fresh Del Monte-ს აღმასრულებელი დირექტორი, მოჰამედ აბუ-ღაზალე.
თუმცა Fresh Del Monte-ში აცხადებენ, რომ ფასების გაზრდის გადაწყვეტილება მოკლევადიანია და კომპანია ბიზნესის ზრდის გრძელვადიან სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობს. მოჰამედ აბუ-ღაზალის თქმით, ეს სტრატეგია ფოკუსირებულია ინოვაციებზე, ეფექტიანობასა და ვერტიკალური ინტეგრაციის შემდგომ გამოყენებაზე, რისი მიზანიც პროდუქტიულობის გაზრდა და ბაზარზე პოზიციების გაძლიერებაა.
ამერიკული კომპანია Fresh Del Monte Produce-ის სუფთა გაყიდვები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, შარშანდელი 989.7 მლნ დოლარიდან 1.004 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. მართალია, მთლიანი მოგება მესამე კვარტალში წინა წლის 67.3 მლნ დოლართან 48.9 მლნ დოლარამდე შემცირდა, თუმცა პირველი ცხრა თვის განმავლობაში შარშანდელი 214.5 მლნ დოლარიდან 264.0 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
კომპანიის სუფთა შემოსავალი მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, გასული წლის 48.3 მლნ დოლართან 91.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
კომპანია მსოფლიოს მთავარ ბაზრებზე, შეერთებულ შტატებში, ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში, 46 გლობალურ სადისტრიბუციო ცენტრს ფლობს. Fresh Del Monte თავის პროდუქტებს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის საცალო მაღაზიებში, კვების ოპერატორებში, საბითუმო მოვაჭრეებსა და დისტრიბუტორებში ავრცელებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ