„აბონიმენტებზე ფასები 10%-ით გავზარდეთ, რადგან სხვა გზა არ გვქონდა“

მზარდი ეპიდვითარების ფონზე, ფიტნეს კლუბ „ოკტუპუსში“ ხალხის რაოდენობამ იკლო, ხოლო აბონიმენტებზე ფასები აქამდე არსებულთან შედარებით 10% -ით გაიზარდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი ესაუბრა.

როგორც ის ამბობს, აბონიმენტის გაძვირება დარბაზში ვირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს და გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს უკავშირდება.

„აბონიმენტებზე ფასები 10%-ით გავზარდეთ, რადგან სხვა გზა არ გვქონდა. ძალიან დიდია საოპერაციო ხარჯები, მარტო კომუნალურების გადასახი 40% - ით გვაქვს გაზრდილი. ასევე მიმდინარე სხვა ხარჯები - დეზინფექციასთან თუ სხვადასხვა თავდაცვით სამუშაობთან დაკავშირებული, ყველაფერზე მოიმატა ფასებმა.

ამჟამად ხალხის დიდი რაოდენობა არ გვყავს, თუმცა მომართვიანობა მაინც არის. რასაკვირველია რა ნიშნულზეც ვიყავით პანდემიამდე იმ ნიშნულზე არ ვართ,“- ამბობს გიორგი ასათიანი.

დარბაზში მხოლოდ აცრილი მომხმარებლის მიღებაზე, ან ე.წ „მწვანე ბარათების“ მექანიზმის ამუშავებაზე „ოკტოპუსის“ დირექტორი ამბობს, რომ თუ სახელმწიფო გადაწყვეტს მსგავსი ინიციატივის შემოღებას, მაშინ, აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას ამ მექანიზმით.

„ჩვენ მივესალმებით ინიციატივას, რომ დარბაზებში მხოლოდ აცრილი ადამიანები დაიშვან, თუმცა ამის დარეგულირება სახელმწიფოს გადასაწყვეტია. იგივე პრინციპი გვექნება „მწვანე პასპორტებზეც“ - თუკი სახელმწიფო დაუშვებს, რომ მხოლოდ „კოვიდ პასპორტიანებს“ ექნათ ფიტნეს დარბაზით სარგებლობის უფლება, ჩვენ ამ პროცესში ჩავერთვებით,“- ამბობს ასათიანი.

ქრისტინე კაპანაძე