ადიზესის ბესტსელერზე წიგნის კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი („ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი) საუბრობს:
მეწარმეებს - დამწყებსა და მკვიდრებს, სტუდენტებს, უნივერსიტეტის პროფესორებსა და პედაგოგებს - ნამდვილად კარგი საჩუქარი შევთავაზეთ - ადიზესის სუპერბესტსელერი „კომპანიების სასიცოცხლო ციკლების მართვა“ მშობლიურ ენაზე. მრავალწლიანი კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების უზადო ნაზავი, რომელიც ნებისმიერი რანგისა და დონის პროფესიონალის - აღმასრულებლისა და სტარტაპერის, ადამიანური რესურსების მენეჯერებისა და სტრატეგიული თუ ფუნქციური ერთეულების სპეციალისტების სამაგიდო წიგნი გახდება.
ლიდერების როლების განაწილებასა და საქმიანობის სტილში ბევრი თქვენგანი საკუთარ თავს ამოიცნობს, ან საკუთარ ხელმძღვანელს 🙂 და უფრო მარტივად შეძლებს ადიზესის საყვარელი სიტყვის შინაარსობრივად განხორციელებას. მითუმეტეს ახლა, როცა პანდემიამ ყველა და ყველაფერი შეცვალა - ყველასა და ყველაფერს ადაპტაცია სჭირდება.
ეს წიგნი არც პოლიტიკით გატაცებულ ადამიანებს დატოვებს გულგრილს. კომპანიების სასიცოცხლო ციკლების მორგება პარტიებზე, პოლიტიკოსებსა და მოძრაობებზეც შეგიძლიათ. ადიზესს ეს არაერთხელ აქვს გაკეთებული აშშ-ის პრეზიდენტებისა თუ სხვა პოლიტმოღვაწეების მაგალითზე (ოღონდ არა ამ წიგნში, თავის სტატიებში).
მოკლედ, ეს არის წიგნი ყველაფერ ცოცხალსა და განვითარებადზე, წინმიმავალსა და ზრდასრულ ასაკში შესულზე, ჩვილსა და სასიკვდილოდ მიმავალ კომპანიებზე, პარტიებზე, ადამიანებსა და ოჯახებზე.
ეს წიგნი არის კომპანიებზე და, საერთოდ, ცხოვრებაზე და მისი სხვადასხვა ეტაპის გადალახვის სწორ გზებზე, ეკლიან ბილიკებსა და ია-ვარდით მოფენილ მაგისტრალებზე; ეს არის წიგნი სასაფლაოს გზაზე ადრეულად მიმავალთა მარშრუტის ცვლილებაზე. თქვენ უბრალოდ უნდა წაიკითხოთ და შეცდომების დაშვების ყველა ელემენტარული წესი დაარღვიოთ.
ეს არის წიგნი ადამიანებზე, მათ ხედვებსა და წარმატებებზე და, რასაკვირველია, ესაა ქადაგება წარმატების მიღწევის ჭეშმარიტ თვალსაწიერზე.