ოქტომბერში მსოფლიოს მასშტაბით საკვებ პროდუქტებზე ფასი 3%-ით გაიზარდა სექტემებრთან შედარებით, რაც მაქსიმალური ზრდის მაჩვენებელია 2011 წლის ივლისის შემდეგ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანზიაცია - FAO ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ გასულ თვესთან შედარებით 3,2%-ით გაიზარდა ფასები ბურღულეულზე, რაც განაპირობა მოსავლის სიმწირემ მის მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებში აშშ-ში, კანადასა და რუსეთში.
FAO-ს ინდექსი უკვე წელიწადზე მეტია განუხრელად იზრდება და მხოლოდ ივნისსა და ივლისში დაფიქსირდა პირველი კლება ბოლო 12 თვეში, თუმცა აგვისტოში ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა, რომელიც მესამე თვეა გრძელდება. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სურსათზე ფასის ფორმირება ხდება მასზე მოთხოვნასა და მიწოდების მიხედვით, რომელმაც ზრდა დაიწყო პანდემიასთან ერთად. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, შეშფოთებას იწვევს ენერგომატარებლებზე ფასის ზრდა, რომელმაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ცალკე პრობლემები გამოიწვიოს.