OIV - წელს ღვინის წარმოება ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცემა

მევენახეობისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIV) ღვინის გლობალური წარმოების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაცემას პროგნოზირებს. ორგანიზაცია ამის მიზეზად ღვინის მთავარ ევროპულ რეგიონებში უამინდობით დაზიანებულ ვენახებს ასახელებს. ინფორმაციას The Guardian ავრცლებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამინდმა იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში წარმოებაზე სერიოზული გავლენა მოახდინა, რის შედეგადაც წარმოების მოცულობა უკიდურესად შემცირდა. ამას ისიც ემატება, რომ დეფიციტის პერიოდში მოსალოდნელია, მოთხოვნა პანდემიამდელ დონემდე გაიზარდოს.

OIV-ის ანგარიში 28 ქვეყნის ინფორმაციას ეფუძნება, რომლებიც 2020 წლის გლობალური წარმოების 85%-ს წარმოადგენენ. ორგანიზაცია მიმდინარე წლის მსოფლიო წარმოების მოცულობას 247,1-დან 253,5 მილიონ ჰექტოლიტრამდე მოელის. ერთი ჰექტოლიტრი 133 სტანდარტულ ბოთლს უდრის. OIV-ის მონაცემებით, ეს არის ზედიზედ მესამე წელი, როდესაც წარმოება საშუალოზე დაბალი იქნება და 2017 წლის დონეს მიუახლოვდება. მაშინ წარმოების მოცულობა 248 მილიონ ჰექტოლიტრს შეადგენდა, რაც ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დასავლეთ ევროპის ვენახები გაზაფხულის ყინვებმა დააზარალა. ამასთან, ფრანგ მევენახეებს ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ჭრაქის გადატანაც მოუწიათ.

OIV-ის აღმასრულებელი დირექტორი, პაუ როკა აცხადებს, რომ მართალია, გასულ წელს მეღვინეები COVID-19-ის კრიზისს შედარებით გაუმკლავდნენ, მაგრამ ამჟამად ისინი უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, რასაც „კლიმატის ცვლილება“ ჰქვია.

„მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, არსებობს გრძელვადიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ვაზის მოყვანისა და ღვინის წარმოების მდგრად მეთოდებს ეხება და რის განხორციელებასაც სერიოზული ძალისხმევა სჭირდება,“ - აცხადებს პაუ როკა.

მისი თქმით, პანდემიის დროს ღვინის ინდუსტრიას ონლაინ გაყიდვებზე გადასვლა დაეხმარა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ