ოქრო ძვირდება

რატომ არ ემთხვევა ოქროს "ქართული" ფასი მსოფლიო ფასებს

ოქრო ოდითგანვე ძვირფას ლითონად იყო მიჩნეული. ვინ იცის, რამდენი გადმოცემა არსებობს ამ კეთილშობილი ლითონის შესახებ: ამბობენ, რომ მოპარულ, ან უპატიოსნო გზით მოპოვებულ ოქროს უბედურება მოაქვს, ასტროლოგები კი, იმასაც ამტკიცებენ, რომ ოქროს ჯაჭვები თუ გულსაკიდები ადამიანს ამშვიდებს, ამიტომ, ასეთი სამკაულები ემოციურმა და მგრძნობიარე ადამიანებმა უნდა ატარონ, რომელთა სამუშაოც ნერვულ დაძაბულობასთან არის დაკავშირებულიო. ოქროს საყურეებს ოდითგანვე მიიჩნევდნენ პატარა გოგონების მფარველად, ამიტომ მათ ყურებს ადრეულ ასაკშივე უხვრეტდნენ... ვინც რა უნდა თქვას, ოქრო იყო და რჩება სიმდიდრედ, რომელიც ყველა ვალუტაზე უფრო საიმედოა. ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქართულ ბაზარზე მიმდინარე მოვლენებმა- იანვრის პირველ დღეებში საქართველოში ოქრო გაძვირდა: "აგორა ფინანსების" ცნობით, წლის დასაწყისში 999 სინჯის გრამი ოქროს საშუალო ფასმა ადგილობრივ ბაზარზე 77,92 ლარი შეადგინა, რაც წინა კვირის მაჩვენებელს 1,31 პროცენტით აღემატება. ამ ეტაპზე კი, 999 სინჯის ოქროს ფასი 79 ლარი და 80 თეთრია. რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, 7-13 აპრილის მდგომარეობით, 999 სინჯის ოქროს საბაზრო ფასი ადგილობრივ ბაზარზე 71 ლარი იყო. მსოფლიო ბაზარზე 2015 წლის დასაწყისში ოქრო საგრძნობლად გაძვირდა და ეს ტენდენცია ქართულ ბაზარზეც აისახა, მიუხედავად იმისა, რომ დოლარი გამყარდა, ხოლო ოქროს მყიდველთა რაოდენობა ქვეყანაში უკიდურესად შემცირდა. ამ პრობლემას უჩივიან "ოქროს ბირჟის" ქართველი დილერებიც. მათ თუ დავუჯერებთ, ხალხი ოქროს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ყიდულობს, ძირითადად, ნათლობის, ან ქორწილის დროს.

"ამ რამდენიმე წლის წინ გრამი ოქრო 40-50 ლარიც ღირდა, მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა, დღეს ამ მაჩვენებლამდე მისი გაიაფება წარმოუდგენელია. უცხოეთში ოქროზე ფასები სისტემატურად იცვლება, რაც ქართულ ბაზარზე გავლენას თითქმის არ ახდენს. დღესდღეობით, ჩვენთვის ყველაზე დიდი სატკივარი რეალიზაციის კლებაა, რადგან ხალხს ძვირფასეულობის შეძენის შესაძლებლობა არა აქვს. მომხმარებელი ოქროულობას ყიდულობს მაშინ, როცა მისთვის ეს აუცილებლობაა. მაგალითად, ქორწილის, ან ნათლობისათვის, როდესაც ოქროს ყველაზე ახლობელი ადამიანისათვის იმეტებენ. ხშირად ხდება, რომ მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს ვყიდით", - ჩივიან "ოქროს ბირჟის" დილერები.

შპს "აგორა ჯგუფის" ეკონომიკური მიმომხილველი ცოტნე ჟღენტი კი ამბობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ოქროს ფასი მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც თანდათან მატულობს:

- ოქროს ფასი იზრდება და იზრდება, ამის ძირითადი მიზეზი ისიც არის, რომ ბოლო თვეებში ლარი დოლართან შედარებით უფასურდებოდა. მთლიანობაში კი, მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი მატულობს. ფასებზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ, კერძოდ, რუსეთში, უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებმა: საერთოდ, როცა მსოფლიოში დაძაბულობაა, ოქროს ფასი მაშინვე იზრდება იმიტომ, რომ ყველა ცდილობს, ინვესტიცია ოქროში ჩადოს. ასეთ დროს ფასიანი ქაღალდები ნაკლებად მოთხოვნადი ხდება და თავის ფულს ყველა ოქროში აბანდებს. საქართველო მიბმულია მსოფლიო ბაზარზე, ამიტომ, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოქროს ფასი წლის დასაწყისში კვლავ გაიზრდება, თუმცა, არც იმდენად, რომ საგანგაშო ნიშნულს მიაღწიოს. ერთ თვეში შეიძლება ისევ ისე გაძვირდეს, როგორც იანვრის თვეში გაძვირდა ანუ 1-2 პროცენტით. შეგახსენებთ, რომ გრამი 999 სინჯის ოქრო ზაფხულში 67-68 ლარიც კი ღირდა, ახლა კი 10-12 ლარით არის გაძვირებული. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო ფასი სულ სხვაა, მაგრამ საქართველოში ოქროს ზოგჯერ გაცილებით იაფად ყიდიან. ოქროს ბირჟაზე 1 გრამი ოქრო შეიძლება შეღავათიან ფასშიც შეიძინოთ.

ამ მოსაზრებას იზიარებს www.oqrosbirja.ge-ს ადმინისტრატორი ვლადიმერ ქურდაძეც:

- ზაფხულის შუა დღეებიდან ოქროს რეალიზაციამ კლება დაიწყო, მართალია ძალიან დიდი ცვლილებები არ ყოფილა, მაგრამ ფასი 1-2 ლარით იცვლებოდა: ხან მაღლა ადიოდა და ხან - ეცემოდა. ქართული ბაზარი მიბმულია მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ ეს მაინც ჩაკეტილი სივრცეა. დღესდღეობით ოქროს ბირჟაზე რომ გაიაროთ, ყველა ვაჭარი კლიენტების ნაკლებობას უჩივის, ამიტომ, შეიძლება ოქრო ოფიციალურად დაფიქსირებულ ფასზე იაფადაც შეიძინოთ. ყველაზე დიდი მოთხოვნა ე.წ ბაჯაღლო ოქროზეა ანუ 999 სინჯის ოქროზე, რომელსაც ხშირად ძველ ოქროს, ან რუსულ ოქროსაც ეძახიან. მაღალია მოთხოვნა 750 სინჯის ოქროზეც. ამჯერად 999 სინჯის ოქროს 68-70 ლარადაც შეიძენთ. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფო არ ცდილობს რაღაც ფასი განსაზღვროს, ამიტომ, ვაჭრები თვითნებურად ცვლიან ფასებს. 750 სინჯის ოქრო კი, 50-55 ლარი ღირს. ეს ე.წ იტალიური ოქროა. ასეთი შეუსაბამობები ოქროს მსოფლიო ფასსა და ადგილობრივ, ქართულ ბაზარზე არსებულ ფასებს შორის ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგადად კი, ოქროს ფასს ქართულ ბაზარზე შექმნილი სიტუაცია განსაზღვრავს.

როგორც ამ სფეროს წარმომადგენლებმა bpn.ge-ს განუცხადეს, თბილისის ოქროს ბირჟებზე ძნელად შეხვდებით მოვაჭრეებს, რომლებსაც ოქრო უცხოეთიდან შემოაქვთ, მათი უმეტესობა ოჯახებიდან ჩაბარებული, შედარებით იაფი ძვირფასეულობით ვაჭრობს, ამიტომ, ზოგიერთ მათგანს წლების წინ იაფად შეძენილი ოქროს სამკაულებიც აქვს. ეს "ოქროს ბირჟის" დილერებს გასაქანს აძლევს, რომ ფასებით ლავირება შეძლონ და ისედაც შემცირებულ კლიენტურას ყველაზე მისაღები, ოპტიმალური ფასი შესთავაზონ.

ხათუნა ჩიგოგიძე