თბილისს შესაძლოა, საზღვარი შეეცვალოს. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი წინადადებთ პარლამენტს უკვე მიმართა მთავრობამ. დაახლოებით, 2 700 000 კვ. მეტრი ფართობის ტერიტორიის თბილისის საზღვრებიდან გავა და გადაეცემა გარდაბნის მუნიციპალიტეტს. აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს კრწანისში და მას თელეთის საკრებულო ესაზღვრება.
ფართის გაცემის მიზეზი კი კონკრეტული საინვესტიციო პროექტია, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ თელეთში ხორციელდება. ამ ტერიტორიაზე შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცსი“ საცხოვრებელ კომპლექსს და სარეკრეაციო ტერიტორიას აშენებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში თელეთში უკვე ფუნქციონირებს 18 ფოსოიანი გოლფის მოედანი.
კომპანიამ თელეთში მდებარე ტერიტორია აღნიშნული პროექტისთვის 2013 წელს შეიძინა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხვდებოდა. შესაბამისად, კომპანია ახლა ითხოვს საზღვრების დაკორექტირებას იმგვარად, რომ ეს საპროექტე ტერიტორია სრულად მოხვდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საზღვრებში.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, მთავრობის წინადადება თბილისისა და გარდაბნის საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტს გადაეცა განსახილველად.
რაც შეეხება შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცსს“, რეესტრის თანახმად, კომპანიის 90%-იან წილს -ესტონური შპს OU Skinest Air, 10%-ს კი შპს „პედრო ლუის პასტორ“-ი ფლობს.