ახალი მეთოდი საარსებო მინიმუმის დასათვლელად

”ოფიციალური მაჩვენებელი ალბათ, უნდა გაიზარდოს 1,5-ჯერ, ანუ მინიმუმი დაახლოებით უნდა იყოს 220-240 ლარი”

საარსებო მინიმუმი მალე ახალი წესით დაითვლება. მეთოდოლოგიის შემუშავებაზე ჯანდაცვის სამინისტროში უკვე აქტიურად მუშაობენ. ამ დროისთვის ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ცვლილება იქნება, თუმცა როდის, ამაზე ჯერ არავინ საუბრობს.

”ქართული ოცნების” ერთ-ერთი დაპირება მალე შესრულდება, საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია აუცილებლად შეიცვლება. როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, ”საარსებო მინიმუმის განსაზღვრა ძალიან დინამიკური და საპასუხისმგებლო საკითხია. ვფიქრობ, ის მალე დაზუსტებული მეთოდოლოგიით გაიზომება”.

”არსებული მეთოდოლოგიით გადათვლის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ საარსებო მინიმუმი დღეს უფრო დაბალია, ვიდრე ადრე იყო, რადგან მას მოაკლდა გადასახადები ჯანდაცვაში და მთელი რიგი სხვა პარამეტრები. ასე რომ, მექანიკური არითმეტიკული გადათვლა არასწორი და რეალობასთან შეუსაბამო იქნება. მეთოდოლოგიის ცვლილების გარეშე, საარსებო მინიმუმის რეკალკულაცია აბსოლუტურად არარეალურ სურათს მოგვცემს”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორი იქნება საარსებო მინიმუმის დათვლის ახალი მეთოდოლოგია, მალე გახდება ცნობილი. როგორც ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე აცხადებს, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა არის რეალურად საარსებო მინიმუმი - სოციალური ორიენტირი თუ სიღარიბის ზღვარი. თუკი ის არის სოციალური ორიენტირი, საარსებო მინიმუმი სულ სხვა პრინციპითაა დასათვლელი, ხოლო თუ სიღარიბის ზღვარია - სხვა პრინციპით. შეიძლება ორივე ერთად იყოს. ამ შემთხვევაში კი უნდა მოხდეს ჰიბრიდული მეთოდის გამოყენება.

”საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მრავალი მეთოდოლოგია არსებობს, რომელიც ძირითადად 2 ჯგუფის სახით არის წარმოდგენილი: ნორმატიული და სტატისტიკური მეთოდი. ასევე არის ნორმატიულ-სტატისტიკური, ანუ ჰიბრიდული მეთოდი, რომლის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, როდესაც საარსებო მინიმუმი ერთდროულად არის როგორც სიღარიბის ზღვარი, ასევე სოციალური ორიენტირი. თუ საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, მაშინ ის ცალსახად უნდა დაითვალოს ნორმატიული მეთოდით. თუ საარსებო მინიმუმს სოციალური ორიენტირის ფუნქციას ვანიჭებთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რა შედის ამ საარსებო მინიმუმში. ამ შემთხვევაში, თუკი საარსებო მინიმუმი არის სიღარიბის ზღვარი, ის უნდა შეიცავდეს ისეთ საქონელსა და მომსახურებას, რომელიც დაახლოებით ასახავს წონასწორულ მდგომარეობას სამომხმარებლო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების თვალსაზრისით; ანუ სასურსათო კალათაში უნდა შედიოდეს ის პროდუქტები, რომელიც ამ ქვეყნის მოთხოვნა-მიწოდების წონასწორულ მდგომარეობას ახასიათებს”, - აცხადებს კაპანაძე.

საარსებო მინიმუმის დათვლისას აუცილებელია, პირველ რიგში, დაითვალონ სიღარიბის რამდენიმე საფეხური, რომელიც ერთდროულად იქნება სოციალური ორიენტირიცა და სიღარიბის ზღვარიც. ”ეს იმიტომ, რომ თუკი ოდესმე ამ ქვეყანაში სიღარიბის შემცირების კონცეფციას დამუშავება და რეალიზაცია უწერია, ამ კონცეფციისთვის ადეკვატური, შესაბამისი ინფორმაციული ბაზა უკვე იყოს მომზადებული”, - აცხადებს კაპანაძე.

შეგახსენებთ, საარსებო მინიმუმისა და სასურსათო კალათის საკითხი უკვე წლებია ექსპერტთა კრიტიკის ობიექტად იქცა. დღესაც სპეციალისტთა გათვლები და არსებული ოფიციალური სტატისტიკა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ოფიციალური მონაცემებით, დღეს ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 159,4 ლარს შეადგენს, არადა ექსპერტთა მეორე ნაწილის გათვლით, ის 230-250 ლარი უნდა იყოს.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ზვიად კანდელაკი მიიჩნევს, რომ დღევანდელი ფასების მიხედვით საქართველოში საარსებო მინიმუმი, საშუალოდ, 220-240 ლარი უნდა იყოს. ”არჩევნებამდეც ითქვა და მას შემდეგაც, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდიკა გადაიხედებოდა, თუმცა სხვა საკითხების მოგვარების ფონზე, ეს საკითხი ბოლო დროს ჩრდილში მოექცა. ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება რაც დროში გაიწელება, უფრო მეტად გამოჩნდება, რომ ძველი მოქმედი მეთოდიკა და ის პარამეტრები, რომლითაც რეგულარულად ”გვასაზრდოებს” სტატისტიკის ეროვნული სამსახური, არ შეესაბამება რეალობას და ექვემდებარება გადასინჯვას. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი, ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, ეკონომიკის განვითარების საერთო მდგომარეობაზე, გადახდისუნარიანობაზე და ა.შ. ამის გათვალისწინებით, ის მაჩვენებელი, რომლითაც დღეს აპელირებს ოფიციალური სტატისტიკა, ალბათ უნდა გაიზარდოს 1,5-ჯერ, ანუ საარსებო მინიმუმი დაახლოებით უნდა იყოს 220-240 ლარი”, - აცხადებს კანდელაკი.

საარსებო მინიმუმის განმსაზღვრელი სასურსათო კალათის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სასურსათო და არასასურსათო ხარჯების თანაფარდობაა. კალათაში 70% სასურსათო ხარჯებს უჭირავს, 30% - არასასურსათოს, რაც სპეციალისტების თქმით, არის ანაქრონიზმი და წესები არსებითად უნდა შეიცვალოს. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სასურსათო და არასასურსათო ხარჯების თანაფარდობა 1/3-ზეა, ანუ თუ ხარჯის 1/3-ზე მეტი მოდის სურსათზე, მაშინ ეს ოჯახი არის ღარიბი. ზოგ ქვეყანაში სურსათის წილი 20%-ია, ზოგან - უფრო ნაკლები.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”