სასტუმროების დატვირთულობა შემცირდა - „თიბისი კაპიტალი“

„თიბისი კაპიტალმა“ ტურიზმის განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში სასტუმროების დატვირთულობა შემცირებულია. ეს ლოგიკურია თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ზაფხულის შემდეგ სასტუმროების დატვირთულობა ჩვეულებრივ კლების ტენდეციებს ავლენს.

თიბისის ანალიტიკოსების თქმით, 2021 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით სასტუმროების დატვირთულობა 27%-ით შემცირდა და 50% შეადგინა. ეს 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 19%-ით ნაკლებია.

ამასთან, უშუალოდ 2019 წლის სექტემბერთან შედარებით, 22%-ით შემცირდა დატვირთულობა დიდ სასტუმროებში და 58%-ს გაუტოლდა.

რაც შეეხება მცირე და საშუალო სასტუმროებს, „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშის მიხედვით, მცირე და საშუალო სასტუმროებში დატვირთულობა 42%-მდე შემცირდა და 17%-ით ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სექტემბერში სასტუმროების ყველაზე მაღალი დატვირთულობა კახეთის რეგიონშია, კერძოდ, 62%. ზღვისპირა სასტუმროებში დატვირთულობა შედარებით მცირეა და ის 41%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე მაღალი 32%-იანი კლება დატვირთულობის მიმართულებით თბილისში დაფიქსირდა და 52% შეადგინა.

ნოდარ სირბილაძე