General Motors-ის სტარტაპი რობოტაქსების კომერციალიზაციას ელოდება

General Motors-ის სტარტაპი Cruise სან-ფრანცისკოში თავისი რობოტაქსების კომერციალიზაციისთვის კალიფორნიის ადმინისტრაციისგან საბოლოო თანხმობას ელოდება.

სტარტაპი თავის განცხადებაში წერს, რომ ქალაქში თვითმავალი ავტომობილებით მგზავრობაზე ნებართვას კალიფორნიის კომუნალური მომსახურების კომისიისგან ითხოვს. CNBC-ის ცნობით, მანამდე მინიჭებული ექვსი ლიცენზიიდან, ეს იქნება ბოლო ნებართვა, რომელიც კომპანიას რობოტაქსებით ფასიანი მგზავრობის დასაწყებად სჭირდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება განხილვისა და დამტკიცების პროცესს.

Cruise პირველი კომპანიაა, რომელმაც შესაბამის ორგანოს ნებართვის მისაღებად მიმართა. აღმასრულებელი დირექტორი, დენ ამანი აცხადებს, რომ მარეგულირებელი ორგანოს ნებართვის შემდეგ, კომპანია რობოტაქსების კომერციალიზაციას მომავალი წლიდან დაიწყებს.

დამტკიცების შემთხვევაში, Cruise პირველი კომპანია გახდება, რომლის ტაქსოპარკი მძღოლების გარეშე იმუშავებს. ფასიანი რობოტაქსების მუშაობაზე კალიფორნიის მარეგულირებლებისგან ნებართვა Alphabet Googl-ის კომპანია Waymo-მაც მიიღო, თუმცა კომისია რაიმე პრობლემის აღმოსაფხვრელად მანქანაში ე.წ. უსაფრთხოების მძღოლის ყოფნას მოითხოვს.

მანამდე გაცემული ნებართვით, Cruise-ის მანქანებს გზებზე მოძრაობა სან-ფრანცისკოს გარკვეულ ადგილებში, საღამოს 10 საათიდან და დილის 6 საათამდე შეუძლიათ, მათ შორის მცირე წვიმის ან ნისლის დროს. თუმცა მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი შეზღუდვის მიხედვით, რობოტაქსის სიჩქარე საათში 30 მილს არ უნდა აღემატებოდეს.

Cruise-ს სან-ფრანცისკოში სამგზავრო სერვისის ჩაშვება ჯერ კიდევ 2019 წელს სურდა, თუმცა კომპანიამ შემდგომი ტესტირების ჩატარების მიზნით, ასევე, მარეგულირებელი კომისიის ნებართვების მისაღებად გეგმები გადადო. Cruise-მა პირველი ნებართვა 2015 წლის ივნისში მიიღო, რის შემდეგაც კომპანიამ სატესტო ადგილები ნელ-ნელა გააფართოვა, თავისი პარკი კი ასობით რობოტაქსამდე გაზარდა.

Cruise-ის ამჟამინდელი სატრანსპორტო პარკი Chevrolet Bolt-ის ელექტრომობილებისგან შედგება, რომელიც უპილოტო ავტომობილის პროგრამული უზრუნველყოფით არის აღჭურვილი. რობოტაქსებს აქვთ დამატებითი ტექნოლოგიებიც, როგორიც არის კამერები, რადარები და ლიდარები, რომლებიც მანქანას შემოგარენის „დაინახვის“ საშუალებას აძლევენ.

კომპანია გეგმავს, რომ შემდეგ სატრანსპორტო პარკში Cruise Origin-ის ავტომობილები შეიყვანოს, რომლებიც შატლის მსგავსი მართკუთხა მანქანებია. დენ ამანი აცხადებს, რომ GM უპილოტო Cruise Origin-ის წარმოებას, სავარაუდოდ, 2023 წლის დასაწყისში დაიწყებს.

GM-მა Cruise 2016 წელს შეიძინა, რის შემდეგაც მას ისეთი ინვესტორები შეუერთდნენ, როგორიც არის Honda Motor, Softbank Vision Fund, ახლახან კი - Walmart და Microsoft.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ