საავიაციო ნავთის  იმპორტი 54,7%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს

2021 წლის იანვარ-ოქტომბრში საავიაციო ნავთის იმპორტმა 73,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 26 ათასი ტონით, ანუ 54,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - ინფორმაციას ამის შესახებ, ნავთობიმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. იმპორტის ყველაზე დიდი წილი კი, თურქმენეთზე, აზერბაიჯანსა და იტალიაზე მოდის.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებას "ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

,,2021 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,4 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ანუ 13,2%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (8,3 ათასი ტონა) და 5 ათასი ტონით ანუ 113,6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,4 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 64,9% (6,1 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 20,2% (1,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან; 14,9% (1,4 ათასი ტონა) - იტალიიდან.

2021 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 73,5 ათასი ტონა, რაც 26 ათასი ტონით ანუ 54,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (47,5 ათასი ტონა) შედარებით და 9,5 ათასი ტონით ანუ 11,4%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (83 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 54,9% (40,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 16,3% (12 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 14,9% (10,5 ათასი ტონა) - იტალიიდან, 11,2% (8,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 2,0% (1,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 0,7% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან და სხვ.

საავიაციო ნავთის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა უკავშირდება მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესის შედეგად ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვნად მომატებულ ოდენობას ქვეყანაში, რაც თავის მხრივ პირდაპირაა დაკავშირებული საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტენდენცია უახლოეს მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება“- ნათქვამია ნავთობიმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამარ მუკბანიანი