ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გარკვეულწილად მაღალი მობილობა აქციებს უკავშირდება, რაც ძალიან საფრთხილოა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ამ მიმართულებით რეგულაციებია დასაცავი.
„ინფექციის შეკავების გზა ისევ და ისევ არის დაწესებული რეგულაციების დაცვა, რომელიც მოქმედებს. ამის აღსრულება არის დღეს მნიშვნელოვანი. პირბადის გამოყენების მაღალ ნიშნულს თუ მივაღწევთ, ეს შედეგს მოგვცემს. გარკვეულწილად მაღალი მობილობა აქციებს უკავშირდება, ესეც რა თქმა უნდა, ეპიდემიის მიმდინარეობას კვებავს და ძალიან საფრთხილოა, ზომები არის დასაცავი. ჩვენ გავიარეთ შეზღუდვების ყველა ეტაპი, ვნახეთ, როგორ ტალღისებურად ვითარდება ეს ყველაფერი. ამიტომ, ამ ეტაპზე ისევ და ისევ ჩვენს ხელთ რჩება 3 ძირითადი წესი, რაც ვიცით: დისტანციის დაცვა, ხელის ჰიგიენა და პირბადის გამოყენება, ამას კიდევ ემატება ვაქცინაცია. ამ კონკრეტული მომენტისთვის მეტი რესურსი და მოლოდინი არ უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ ხვალვე ეპიდემიიის გავრცელება საოცრად შეჩერდეს. კვლავ რჩება ვაქცინაციის მექანიზმი, რაც სიკვდილიანობის შემცირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა“,-განაცხადა გაბუნიამ.