ევროკომისია აცხადებს, რომ სურსათის უვნებლობის მხრივ, თურქეთში ბოლო წლებში პესტიციდების ნარჩენები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
ანაგარიშში წერია, რომ თურქეთმა, რომელიც ევროკავშირში საკვები პროდუქტების მთავარი ექსპორტიორი ქვეყანაა, სურსათის უვნებლობის მხრივ მხოლოდ შეზღუდულ პროგრესს მიაღწია. ვეტერინარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკის კუთხით, 2020 წლის რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.
ანგარიშის მიხედვით, თურქეთს, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, ევროკავშირის სტანდარტების შესასრულებლად შემდგომი პროგრესი სჭირდება, განსაკუთრებით კი პესტიციდების ნარჩენებთან დაკავშირებით.
„გაუმჯობესდა ოფიციალური კონტროლის საშუალებები, მაგრამ აგროსასურსათო დაწესებულებების განახლების ეროვნული გეგმის შემუშავებაში პროგრესი არ შეინიშნება. ჯერ კიდევ საჭიროა, მნიშვნელოვანი სამუშაოები კვების ობიექტების რეგისტრაციისა და დამტკიცების ახალი წესების გამოსაყენებლად,“ - ნათქვამია ანგარიშში.
კვებისა და საკვები პროდუქტების სწრაფი გაფრთხილების სისტემის (Rapid Alert System for Food and Feed-RASFF) მონაცემებით, თურქეთიდან ევროკავშირში იმპორტირებულ ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების რაოდენობა მიუღებლად მაღალი დარჩა, განსაკუთრებით კი 2020 წელს, როცა ქლორპირიფოსსა და ქლორპირიფოს-მეთილზე ახალი სტანდარტები ამოქმედდა.
მომავალ წელს თურქეთმა კვების ობიექტები ევროკავშირის სტანდარტებით უნდა განაახლოს და ეროვნული პროგრამა წარადგინოს, ასევე, მონიტორინგის გეგმით, ევროკავშირში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური ლიმიტის დაკმაყოფილებაში პროგრესს უნდა მიაღწიოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ