Airbnb-ის კვარტალურმა შემოსავალმა უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა. Reuters უძრავი ქონების მოკლევადიანი გაქირავების კომპანიის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ წლის ბოლო სამ თვეში, ვაქცინაციის მაჩვენებლების ზრდის ფონზე, გლობალური მოგზაურობის აღდგენა 2022 წლის ზრდის მასტიმულირებელი იქნება.
გლობალურ ონლაინ ტურისტულ სააგენტოებს შორის Airbnb-ის წილი 50%-ზე მეტია. მთლიანი ჯავშნები მესამე კვარტალში 48,8%-ით გაიზარდა და 11,9 მლრდ დოლარს მიაღწია. თუმცა ბაზრის მოლოდინი უფრო მეტი იყო და 12.23 მლრდ დოლარს შეადგენდა.
შემოსავალი 66,7%-ით, 2,24 მლრდ დოლარამდე გაიზარდა და 2,05 მლრდ დოლარის პროგნოზს გადააჭარბა. სუფთა მოგება, წინა წელთან შედარებით, თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა და მან 833.9 მლნ დოლარი შეადგინა.
Airbnb მეოთხე კვარტლში 1,39-დან 1,48 მლრდ დოლარამდე შემოსავალს მოელის. Refinitiv-ის ანალიტიკოსები, საშუალოდ 1,44 მლრდ დოლარის შემოსავალს პროგნოზირებენ.
„საერთაშორისო მოგზაურობაზე ძიების მოცულობა იზრდება, რადგან ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ,“ - წერს Reuters.
სააგენტოს შეფასებით, ლოკდაუნების შემსუბუქება Airbnb-ს ბიზნესის გამოჯანმრთელებაში დაეხმარა, რაც გასული წლის დასაწყისში მკვეთრად დაეცა, როცა დასვენების მსურველები შიდა მოგზაურობებზე სახლებს დიდი ქალაქებიდან მოშორებით ჯავშნიდნენ. დღეს კომპანია მოელის, რომ მისი შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება.
„წელს ბიზნესის აღდგენის მომსწრენი ვართ როგორც შორეულ, ისე ტრანსსასაზღვრო მოგზაურობებზე. ამასთან, შიდა და მოკლემანძილიანი მგზავრობა 2019 წლის დონეზე მეტად პოპულარულია,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Airbnb-ის მონაცემებით, ბიზნესის აღდგენა უფრო ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში დომინირებს, სადაც ყოველდღიური გაქირავების საშუალო ფასი მაღალია. ეს მაჩვენებელი მესამე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, 15%-ით, დაახლოებით 149 დოლარამდე გაიზარდა. 30 სექტემბრის მდგომარეობით, მადლიერების კვირეულისთვის შეერთებულ შტატებში ყოველდღიური ჯავშნები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 40%-ით აღემატება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ