გერმანელი ფერმერი უსახო ბოსტნეულს უფასოდ არიგებს

გერმანელი ფერმერი, კრისტიან ფუქსი ტონა ტკბილ კარტოფილს, ათასობით გოგრასა და სხვა ბოსტნეულს, რომელიც სუპერმარკეტების მიერ დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამება, ხალხს უფასოდ ჩუქნის. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ბოსტნეული, რომელიც საკმარისად ლამაზი არ არის და ამის გამო დახლებზე ვერ მოხვდა, ფერმერმა კიოლნის რაიონებს, ფელდკასელსა და მერკენიხს შორის მდებარე თავის ერთ-ერთ მინდორზე გამოფინა.

აქცია ადგილობრივმა მედიამ გააშუქა და სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის უფასოდ მიღების ამბავი რაც შეიძლება, მეტ ადამიანს გაეგო. რამდენიმე დღეა, ხალხს ფერმერის მინდვრიდან უსახო ბოსტნეული მიაქვს.

ფერმერის თქმით, ასეთი ვითარება მომხმარებლების ბრალია, რადგან მათ სურთ, დახლზე მხოლოდ თანაბარი და ლამაზი ნაყოფი იხილონ.

„ახლაც კი ამ მინდორზე, სადაც ბოსტნეულია მიმოფანტული, ყველა ცდილობს, უფრო ახალი და ლამაზი ნაყოფი შეარჩიოს,“ - წერს Deutsche Welle.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ